ჩიტაშვილი: წარმოუდგენელია სამი თვის განმავლობაში კოალიციის მიერ გაცხადებული საარჩევნო ნომრის შესახებ ცესკო-მ არ იცოდა

ჩიტაშვილი: წარმოუდგენელია სამი თვის განმავლობაში კოალიციის მიერ გაცხადებული საარჩევნო ნომრის შესახებ ცესკო-მ არ იცოდა

ცესკო-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო ნომრის შეცვლის შესახებ, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცესკო-ს მხრიდან ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი არა მარტო ამომრჩევლის, არამედ კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის მიმართ.

„ცესკო-ს გადაწყვეტილების  შესახებ ყველამ მოვისმინეთ. აქამდე თუ კოალიცია აცხადებდა, რომ იგი ერთ-ერთი შემადგენელი პარტიის წინასაარჩევნო ნომერს გამოიყენებდა, მაშინ ცესკო-ს უნდა გაეკეთებინა განაცხადი აქამდე. იმის დაჯერება, რომ ამ სამი თვის განმავლობაში კოალიციის მიერ გაცხადებეული საარჩევნო ნომრის შესახებ, ცესკო-მ არ იცოდა, ცოტა წარმოუდგენელია. როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ცესკო ამ განცხადებას აკეთებს, ეს არაადეკვატურია. ეს ნიშნავს იმას, რომ კომისია ცდილობს, ამომრჩეველი დაბნეულობაში შეიყვანოს. ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი ცესკო-ს მხრიდან არა მარტო ამომრჩევლის, არამედ კოალიციაში ყველა პარტიის მიმართ“,-აცხადებს ფსიქოლოგი.

მარინა ჩიტაშვილის აზრით, ბუნებრივია, რომ ეს იქნება აღქმული როგორც კოალიციაზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან.

„ თუ ეს კანონია და რეგულაციაში წერია, ცესკო ვალდებულია, რომ საზოგადოებას მისცენ ახსნა, ერთის მხრივ, რომ რეგულაციის მიხედვით მათ არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ რა ნომერი ექნებათ მათ - კოალიციას და   მეორე, ბუნებრივია,  საზოგადოების მხრიდან იქნება აღქმული როგორ ხელისუფლების ხერხი და ფანდი, კოალიციას არ მისცეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“,-აცხადებს ჩიტაშვილი.