სტიქიამ კახეთი ისევ დააზარალა

სტიქიამ კახეთი ისევ დააზარალა

წუხანდელი ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად კახეთის რეგიონი სტიქიით დააზარალდა.

ყვარელსა და ლაგოდეხში დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლი, ხოლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ქარმა საცხოვრებელი სახლები სახურავების გარეშე დატოვა.

კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ადგილზე მუშაობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.

"ბოლო ერთ თვეში კახეთს სტიქიამ მეორედ შემოუტია. საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიას 19 ივლისის მასშტაბები არ ქონია, თუმცა რიგ სოფლებს სერიოზული ზიანი მიადგათ“, - აცხადებს ის.

მისივე ინფორმაციით, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.