კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თუ ცესკო „ქართულ ოცნებას“ 7 ნომერს ჩამოართმევს მას ძალიან სერიოზული ფინანსური და მატერიალური ზარალი მიადგება.
ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ცესკოს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა აუცილებლად მოუწევს.
„ძალიან სერიოზული სააგიტაციო საქმიანობაა გაწეული და მასალაა მომზადებული. მაისურები ყველა 7 ნომრით არის დაბეჭდილი, სააგიტაციო ბუკლეტები ასევე 7 ნომრით არის დაბეჭდილი. ჩვენ გვექნება სერიოზული ზარალი, ფინანსური და მატერიალური, რომელიც "ქართულ ოცნებას" მიადგება, თუ 7 ნომერს ჩამოგვართმევენ", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 27 მაისს, თბილისის მიტინგზე პირველად გაცხადდა, რომ ისინი 7 ნომერს იყენებდნენ.
„ამიტომ თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ცესკო-ს, მას ეს მაშინვე უნდა გამოეხატა და "ქართული ოცნებისთვის" ეცნობებინა“, - დასძინა მან.