ეკა ბესელია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მზრუნველ ხელს იგრძნობთ

ეკა ბესელია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მზრუნველ ხელს იგრძნობთ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკა ბესელია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის ნინოშვილის, ჭონქაძის, ბარათაშვილის და 9 აპრილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთან შეხვედრების დროს, ფოთელებმა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს. ფოთელების მხრიდან განსაკუთრებით მტკივნეულად გაჟღერდა დანგრეული ავტოფარეხების თემა, რასაც როგორც ერთ-ერთ შეხვედრაზე ითქვა, ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთმა ახალგაზრდა კაცმა კი ინსულტი მიიღო და პარალიზებულია.

როგორც ფოთელები აცხადებენ, კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტები ძალიან ხშირია. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მერიის თანამშრომლებმა დაიარეს ქალაქის მასშტაბით და ყველა ავტოფარეხი დაანგრიეს, მათ შორის ოფიციალურად გაფორმებულიც.

„როდესაც ავტოფარეხებს იღებდნენ, ძალიან ვთხოვეთ, რომ რაც ავტოსადგომში შეშა გვაქვს დაგვაწვევინეთ და მერე დაანგრიეთო. არავითარ შემთხვევაშიო, გვეუბნებოდნენ. რა ძალა გვქონდა?! გავანგრიეთ. რკინები ჩავაბარეთ. ბიზნესები აკეთეს. ორი წელი გავიდა უკვე და ხედავთ, რომ ამ ადგილას არაფერი გაუკეთებიათ", - განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ეკა ბესელიასთან შეხვედრის დროს.

ეკა ბესელიამ ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ფოთის, როგორც განსაკუთრებული ქალაქის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ფოთელები მოკლე პერიოდში იგრძნობენ ქვეყნის მშენებლობაზე და ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი ხელისუფლების ხელს.