ბაშარ ასადი დამასკოში მეჩეთს ეწვია

ბაშარ ასადი დამასკოში მეჩეთს ეწვია

შეტაკებები გრძელდება სირიაში. გავრცელებული ცნობით, ბაშარ ასადის რეჟიმი ავიაიერიშებს დამასკოზე, დერაასა და ალეპოზე ახორციელებს.

გასული დღის განმავლობაში ავიაიერიშებს 37 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. 
ბაშარ ალ ასადი 18 ივლისის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

სირიის პრეზიდენტი დამასკოში მდებარე მეჩეთს ეწვია ეიდ ალ ფიტრის ლოცვაზე დასასწრებად. ეიდ ალ ფიტრის ლოცვა ისლამურ რელიგიაში რამადანის წმინდა თვის დასასრულად ითვლება.

მეჩეთში გადაღებული კადრები სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

ლოცვის წაკითხვის შემდეგ იმამმა განაცხადა, რომ სირია შეერთებული შტატების, დასავლეთის ქვეყნებისა და სუნიტი არაბების შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტს სირიაში სულ 18 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანა დატოვა 170 ათასმა ადგილობრივმა. მათი დიდი ნაწილი თურქეთში, ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს.