კახა კალაძე: კიღურაძეების საქმეზე არსებულ ვიდეომასალას დიპლომატიურ კორპუსს გადავცემთ

კახა კალაძე: კიღურაძეების საქმეზე არსებულ ვიდეომასალას დიპლომატიურ კორპუსს გადავცემთ

კოალიცია „ქართული ოცნება“ კიღურაძეების დაკავებასთან დაკავშირებით ვიდეომასალას „ქართული ოცნება“ დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს. ამის შესახებ კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახი კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტი სერგო კიღურაძე პოლიტიკური მოტივით დააკავეს და ჟურნალისტებს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც წარუდგინა. ვიდეომასალაში ნაჩვენებია სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავების მომენტი და სერგო კიღურაძის დედა, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.

კალაძის თქმით, სერგო კიღურაძე პირადად სამტრედიის პოლიციის უფროსმა ობოლაძემ დააკავა, რომელიც ძმებ კუბლაშვილებთან დაახლოვებული პიროვნებაა, ხოლო კიღურაძის დედას სავარაუდოდ, ყბა აქვს გატეხილი და მიღებული აქვს ტვინის შერყევა.

მისივე განმარტებით, მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

„სერგო კიღურაძის დაკავება მას შემდეგ გადაწყდა, რაც იგი „ინფო 9“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სოფელ კულაშის მოსახლეობას სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის პირობა მისცა, თუმცა, ეს არ გაკეთებულა“, - განაცხადა მან.

დეპუტატატობის კანდიდატის თქმით, სამტრედიაში უკვე ათი დღეა იმყოფება ლადო ვარძელაშვილი, სადაც ჩაყვანილი ჰყავს უდესიანის ზონდერ-ჯგუფები და აღნიშნა, რომ ისინი მათი  შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ.

კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომასალა უწყებათაშორის კომისიას უკვე გადაეგზავნა.

„შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი, რომ სერგო და თემურ კიღურაძეემა ერთ-ერთ მოქალაქეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება“, - დასძინა მან.

სერგო და თემურ კიღურაძეები სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.