ბანკი „ქართუს“და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობენ

ბანკი „ქართუს“და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობენ

ბანკი „ქართუს“ და „ქართუ ჯგუფის“თანამშრომლები სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ამის შესახებ  ბანკი „ქართუს“და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ბანკი "ქართუს" და "ქართუ ჯგუფის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე აღსრულების ბიურომ დაჯარიმებულებს  ჯარიმის თანხის 7%-ის გადახდა დააკისრა, რეალურად კი, მისი თქმით, ეს თანხა მათ ჯარიმის გადახდისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა დაკისრებოდათ.

„დაჯარიმებულები დაკისრებულ ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევენ და ევროსასამართლოში მათ მიმართ განხორციელებული ქმედებების გასაჩივრებას აპირებენ“, - განაცხადა მან.

დაჯარიმებული ბანკი „ქართუს“ იურისტი, დავით მათიკაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბანკის თამამშრომლები ჯამში 510 000 ლარით დაჯარიმდნენ, სადაც აღსრულების ბიუროს მიერ დაკისრებული 7%-იანი თანხის ოდენობაც შედიოდა.

„როგორც კი სასამართლომ ჩვენს წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო, მყისიერად დაიწყო რეაგირება. დააყადაღეს უძრავ-მოძრავი ქონება, რისი საფუძველიც  მათ არ გააჩნდათ. ყველა თანამშრომელს, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, დაუყადაღეს სახლი, პირადი ანგარიშები და დატოვეს აბსოლუტურად მშრალზე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" 16 შემომწირველი, მათ შორის - "ქართუ ბანკის" პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი, ასევე ბანკის 7 თანამშრომელი კოალიციისთვის ფულის უკანონოდ შეწირვის მოტივით ჯამში 500 ათასი ლარით დააჯარიმა.

სააპელაციო სასამართლო კი ამ გადაწყვეტილებას დღემდე ძალაში  ტოვებს.