ცესკომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრის - 7-ის მინიჭებაზე უარი ოფიციალურად განუცხადა

ცესკომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრის - 7-ის მინიჭებაზე უარი ოფიციალურად განუცხადა

პოლიტიკური პარტიების დარეგისტრირებასა და მათთვის საარჩევნო რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ცესკომ განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ბლოკს ერთ ერთი სუბიექტის რიგითი ნომრის დატოვების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი ყველა პარტია მონაწილეობდა.

„იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამის გასამყარებლად ცესკოს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები მოყავს, სადაც ნათქვამია, რომ ”თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ”, ხოლო „ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით“.

ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება გუშინ, 18:00 სთ-ზე დასრულდა. 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა ორი საარჩევნო ბლოკი; ესენი არიან: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" (ბლოკში ერთიანდებიან პარტიები - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს ევროპელი დემოკრატები") და "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" (ბლოკში ერთიანდებიან - პ/გ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", პ/მ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პ/გ "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები" და პ/გ "ეროვნული ფორუმი"). 

ცესკო-ს მონაცემებით, გრძელდება პარტიების რეგისტრაციის პროცესი. განაცხადები რეგისტრაციაზე სულ - 41-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიტანა. დღეისათვის ცესკოში უკვე 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, 8-ს კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.