თინათინ ხიდაშელი უწყებათაშორის კომისიას სოფელ იორმუღანლოში მომხდარი ინციდენტის გამოძიებისაკენ მოუწოდებს

თინათინ ხიდაშელი უწყებათაშორის კომისიას სოფელ იორმუღანლოში მომხდარი ინციდენტის გამოძიებისაკენ მოუწოდებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინათინ ხიდაშელი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, გიგა ბოკერიას 17 აგვისტოს სოფელ იორმუღანლოში მომხდარ ინციდენტზე დაუყოვნებელი რეაგირებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით საჩივარი იორმუღანლოს პოლიციაში 17 აგვისტოსვე შეიტანა და ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა უწყებათაშორის კომისიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც უკვე გააგზავნა, თუმცა აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

თინათინ ხიდაშელის განმარტებით, ჩხუბის ინიციატორები ადგილობრივი ჩინოვნიკების ახლობლები იყვნენ, რომლებიც თავს დაესხნენ ფსევდო „ინფო 9“-ის წარმომადგენლებს, რადგანაც ისინი ნამდვილი „ინფო 9“-ის ჟურნალისტები ეგონათ. მათ ნაცვლად კი, სამართალდამცავებმა მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის წევრები, მუბარიკ მამედოვი და ნათიკ სულეიმანოვი, დააკავეს და 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„იქ ადგილი ჰქონდა ცემასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის ჩემს მიმართაც, თუმცა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა ჩვენ არ მოგვეპოვება“, - განმარტავს ხიდაშელი.

მისივე ინფორმაციით, იორმუღანლოს მცხოვრებთა უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მაღალია, რადგანაც ისინი, ფაქტობრივად, მიწის გარეშე არიან დარჩენილნი.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გიგა ბოკერიასა და უწყებათაშორის კომისიას, ასევე ყველა გამგებელსა და პოლიციელს მოუწოდებს და აფრთხილებს, არ გაბედონ მათი საარჩევნო შეხვედრების ჩაშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებსა და პირადად გიგა ბოკერიას აკისრებს.

დეპუტატი ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კოალიციის ადგილობრივი შტაბის დაკავებული წევრების, მამედოვისა და სულეიმანოვის, 15-დღიანი პატიმრობის განაჩენს დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.