„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“: ქობულეთში მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ახალი ფაქტები დაფიქსირდა

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“: ქობულეთში მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ახალი ფაქტები დაფიქსირდა

ქობულეთის სოფლებში - გვარასა და ალამბარში სასოფლო-სამეურნეო  მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ახალი  ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ მის ოფოციალურ ვებ-გვერზე გავრცელებული განცხადებიდან იუწყება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს ქობულეთის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ რამოდენიმე ოჯახისთვის საკუთრებაში გადაცემული და შემდგომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასხვისა.

მათი თქმით, ქობულეთის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა ანანიძის, განცხადებით, კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობები ადგილობრივებმა საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირეს , რაც კანონმდებლობით, მათი მესაკუთრედ რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა უმრავლესობა საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირებული მესაკუთრეები არიან, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ მოახერხეს კანონით დადგენილი პროცედურის ბოლომდე შესრულება.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს  აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეისწავლოს ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო ქონების განკარგვისას არ შეზღუდოს მესაკუთრეთა უფლებები.

„ მოვუწოდებთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირებამდე გადამოწმდეს და გამოირიცხოს დაინტერესებული ტერიტორიების სხვა პირთა საკუთრებაში (მათ შორის ქაღალდის საკადასტრო აზომვითი ნახაზით დარეგისტრირებული ქონების) არსებობის ფაქტები“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და მზადყოფნას გამოთქვამს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ყველა ამ ფაქტს თვალყური  მიადევნოს,  სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაზარალებულ მესაკუთრეებს, დაიცვას მათი  უფლებები  და კანონიერი  ინტერესები.