„ახალი მემარჯვენეების“ ახალი ინიციატივა - „ფართი დასაქმების სანაცვლოდ“

„ახალი მემარჯვენეების“ ახალი ინიციატივა - „ფართი დასაქმების სანაცვლოდ“

„ახალი მემარჯვენეები“ გამოდიან ახალი ინიციატივით - ფართი დასაქმების სანაცვლოდ. პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, ყოველი არჩევნების წინ, მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება უამრავ დაპირებას გასცემს, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ დაპირებად რჩება.

მათი განმარტებით, ქვეყანაში დასაქმების სპეციალური სამინისტროს შექმნა, ხელისუფლების მორიგი პიარაქციაა და აღნიშნავენ, რომ დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად ეს, არარეალური ნაბიჯია.

„ახლები“ აცხადებენ, რომ ასეთ ვითარებაში, მათ მიერ შემოთავაზებული კონკრეტული ინიციატივა, საერთაშორისო გამოცდილებაზე და სწორ ეკონომიკურ გათვლებზეა დამყარებული.

„როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მეშვეობით იქმნება. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად საწარმოო ფართზე მაღალი საიჯარო გადასახადი გვევლინება, რომელიც საბოლოოდ მძიმე ტვირთად აწვება თავად ამ ბიზნესს. მნიშვნელოვნად ეს ფაქტორიც განაპირობებს სამუშაო ადგილების ტოტალურ დეფიციტს და მოსახლეობის უმუშევრობას“, - აცხადებენ პარტიაში.

„ახლების“ განმარტებით, თბილისსა და პრაქტიკულად მთელ საქართველოში, ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ათასობით კვადრატული მეტრი გამოუყენებელი და მიტოვებული ფართია, ძველი უმოქმედო საწარმოების და მათზე დამაგრებული მიწის ფართობების სახით.

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასეთი უმოქმედო საწარმოების ფართი სიმბოლურ ფასად - 1 კვ. მეტრი 1 ლარად გადაეცეს იმ კომპანიებს, რომლებიც აიღებენ ვალდებულებას, ყოველ ასეთ 10 კვადრატულ მეტრზე დაასაქმონ სულ მცირე, ერთი ადამიანი. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ მოკლე დროში ქვეყანაში დამატებით შეიქმნება ათეულ ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და რეალურად გაიზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც გაუჩნდებათ სტაბილური შემოსავალი“ , - აცხადებენ „ახლები“.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი, კონკრეტული ინიციატივებით შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას დამატებით სამუშაო ადგილები და შემცირდეს უმუშევრობა.