ლევან ბერძენიშვილი: გაყალბების წინააღმდეგ ჩვენ ნოუ-ჰაუ საიდუმლო ინფორმაცია გვაქვს

ლევან ბერძენიშვილი: გაყალბების წინააღმდეგ ჩვენ ნოუ-ჰაუ საიდუმლო ინფორმაცია გვაქვს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რუსთავში გამართულ აქციაზე  განაცხადა, რომ კოალიციამ შეიმუშავა მექანიზმები, როგორ უნდა აღუდგეს წინ გაყალბების მანქანას. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი From.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ „გაყალბების მეთოდოლოგია ბევრია“,  „ქართული ოცნება“ კი, ამ ეტაპზე არ დააკონკრეტებს, რომლის წინააღმდეგ რა მექანიზმები აქვს შემუშავებული.

„ეს არის ჩვენი ნოუ-ჰაუ, საიდუმლო ინფორმაცია. გაყალბების ისეთი ტექნოლოგიები, როგორიც არის , მაგალითად, კარუსელის, ორჯერ და სამჯერ ხმის მიცემის, ერთიდაიგივე პიროვნების რამდენჯერმე გამოყენების საწინააღმდეგო მექანიზმები ჩვენ შემუშავებული გვაქვს. ჩვენ დავუპირისპირებთ დამკვირვებლებს, სად უნდა განლაგდნენ ისინი, როგორ უნდა მოიქცნენ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე და ა.შ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

მისი განცხადებით, ინფორმაცია, თუ გაყალბების კიდევ რა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას აპირებს ხელისუფლება, საიდუმლო გზით მოიპოვეს.

ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ მათ წინააღმდეგ გაყალბების რეჟიმში ჩართულია არა სახელმწიფო  უზარმაზარი მანქანა, არამედ მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები, რომლებიც მაქსიმუმ 20-25%-ს შეადგენენ, ერთადერთი გამოსავალი კი ყველას არჩევნებზე მისვლაა.

„ხელისუფლებას თავისი რეზერვის მხოლოდ 20-25%-ის მობილიზების უნარი გააჩნია, რადგან ისინი მეტნი არ არიან, სახელმწიფო ჩვენ ვართ, ხალხი  და არა ისინი. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ დანარჩენ  75%-ს გავუკეთოთ მობილიზება. ამისთვის არ არის საჭირო ეშმაკური გეგმების შემუშავება, გამოსავალი არსებობს -ძალიან მარტივი სლოგანი -ყველანი არჩევნებზე!“,-აცხადებს ბერძენიშვილი.