დავით გამყრელიძე:  ჩვენ შევქმნით გარემოს, სადაც ოჯახებს თვეში შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარი ექნებათ

დავით გამყრელიძე: ჩვენ შევქმნით გარემოს, სადაც ოჯახებს თვეში შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარი ექნებათ

„ჩვენ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც ოჯახებს თვეში შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარის ოდენობით ექნებათ“  - ეს განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ ოზურგეთის რაიონ სოფელ ზვანში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ლევან კალანდაძესთან ერთად სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის პროგრამის „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ ეკონომიკური და სოფლის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს.

როგორც გამყრელიძემ მათ განუცხადა, მხოლოდ ზვანის ტერიტორიაზე ადრე 6 სხვადასხვა საწარმო იყო განთავსებული და ამ საწარმოებში 1500 ადამიანი იყო დასაქმებული. დღეს კი, მისი თქმით, ყველაფერი ნანგრევებად არის ქცეული და მოსახლეობა პრაქტიკულად დაუსაქმებელია.

„ადამიანები მხოლოდ პენსიის და უმწეოთა დახმარების ამარად არიან დარჩენილნი. ჩვენი მიზანია ოჯახები სოფლად და ქალაქად შეძლებულ ოჯახებად ვაქციოთ და ეს გზა სოფლებში საწარმოების გახსნის ხელშეწყობის პოლიტიკაზე გადის. ჩვენ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც ოჯახებს ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარის ოდენობით ექნებათ“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

შეხვედრის დროს პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა და ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ "ახალი მემარჯვენეების" იმ ინიციატივებსა და პროგრამულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბებას და ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას შეუწყობს ხელს.

 

„შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ „ახალი მემარჯვენეებისთვის“ პრინციპული საკითხია. ეს არის მიზანი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანები მთავრობის შემწეობასა და დახმარებებზე დამოკიდებულად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ პირიქით, მთავრობა უნდა იყოს დამოკიდებული შეძლებულ ოჯახებზე. სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტად სწორედ ეს უნდა იქცეს - უზრუნველვყოთ, რომ ოჯახებს შეეძლოთ შეძლებულად ცხოვრება როგორც სოფლად, ისე ქალაქად, ღირსეული და შრომის ადექვატური შემოსავლის მიღება, ხარისხიანი ჯანდაცვით სარგებლობა და განათლების მიღება. შეძლებული ოჯახი უნდა იყოს ქვეყნის განვითარების გარანტი და წინსვლის საფუძველი“ - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.