"კენტი და ლუწი" - “ჰერეთი” ჟურნალისტურ გამოძიებებს იწყებს

რადიო „ჰერეთი“ ოქტომბრიდან თავის მსმენელებსა და რადიოს ვებგვერდის მომხმარებლებს ჟურნალისტური გამოძიებების სერიას - „ჩვენ ვეძებთ იმას, რასაც მალავენ“ - შესთავაზებს. „ჰერეთის“ საგამოძიებო ჯგუფი ყოველკვირეულად ეთერში გაუშვებს ერთსაათიან გადაცემას „კენტი და ლუწი“.

  ერთწლიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც 20 ჟურნალისტური გამოძიება უნდა მომზადდეს, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მედია-პროგრამა (G-Media) დააფინანსებს;

 "ჟურნალისტური გამოძიებების მიზანია კახეთის მოსახლეობის დეტალური ინფორმირება რაიონში პრობლემატურად ქცეულ საკითხებზე. გასაშუქებელ თემებს შორის იქნება კახეთში 2004 წლის შემდეგ განხორციელებული რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი. პროექტების უმრავლესობა დასრულებულია და სწორედ ახლა უნდა მოხდეს იმის შეფასება, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები. საგამოძიებო თემებს შორის იქნება პურის სახეობები და მათი ხარისხი, კვების პროდუქტების ვარგისიანობა და შენახვის პირობები, სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის კეთილსინდისიერება, სოფლის დახმარების პროექტის ფარგლებში გაცემული თანხები და მათი ხარჯვის სამართლიანობა, პრეზიდენტის მიერ სოფლებისთვის დარიგებული ტრაქტორების ბედი, მდინარეების გასაწმენდად ყოველწლიურად დახარჯულ თანხები და წყალდიდობების გადაუჭრელი პრობლემა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების უფლება-მოვალეობები, მათი შემოსავლები და რეალური საკუთრება. ეს საგამოძიებო თემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. გამოძიებებზე მუშაობის დრო, როგორც წესი, ბევრი საინტერესო თემა ჩნდება." -აცხადებენ პროექტის ავტორები.

  პროექტის ამოცანაა მოსახლეობის ინფორმირება, რათა ისინი ჩაერთონ როგორც ინფრასტურქტურული პროგრამების მიმდინარეობაში, ასევე მომავალში თავად განსაზღვრონ, რა პროექტები უფრო პრიორიტეტულია მათი რაიონისთვის და ხვალინდელი დღისთვის;

  გარდა რადიოში გასული აუდიო სიუჟეტებისა, საგამოძიებო ჯგუფის წევრები მოამზადებენ სიუჟეტების ტექსტურ ვარიანტებს ვებგვერდისთვის, სადაც აუდიოგადაცემა გამდიდრდება ფოტო და ვიდეო მასალებით;

  რადიო "ჰერეთი" საქართველოში ნოვატორი რადიოკომპანიაა ჟურნალისტური გამოძიებების წარმოებაში, "ჰერეთმა" გამოძიებები 2001-2003 წლებში "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერითაც განახორციელა.

  “ჰერეთის” დაფარვის ზონა კახეთის რეგიონის 90%-ს მოიცავს, დაფარვის არეალში ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებია. სამაუწყებლო კომპანია რადიო „ჰერეთის“ მაუწყებლობა ვრცელდება მთელ კახეთის რეგიონში - ლაგოდეხი, წნორი, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო, ახმეტა და დასავლეთ აზერბაიჯანში - ბელაქანი, ზაქათალა, კახი.