მანანა ნაჭყებია: უფასო სარეკლამო დრო არ გვეკუთვნის და ჩვენ ეს ვიცოდით

მანანა ნაჭყებია: უფასო სარეკლამო დრო არ გვეკუთვნის და ჩვენ ეს ვიცოდით

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ -ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განმარტებით, პარტიისათვის უფასო სარეკლამო დროის გამოყენება წინაარჩევნების მიხედვით განისაზღვრება და ამას შესაბამისი კანონმდებლობა განსაზღვრავს.

ამის შესახებ ნაჭყებიამ From.ge -სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტის შესახებ მათ იცოდნენ და შესაბამისად, მოულოდნელიც არაფერი იყო.

მისივე განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, წინა არჩევნებში ბლოკის ჩამონათვალში პირველი ვინც არის, კომისიებში წევრის დანიშვნისა და  უფასო სარეკლამო დროის უფლებით სწორედ ის სარგებლობს.

„ამას წინა არჩევნების შემდეგ გამართული შეხვედრები და სარეკლამო კამპანიები არ განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, წინა არჩევნებში ჩვენ მაღალი შედეგები გვქონდა ნაჩვენები და გადავლახეთ ბარიერი, მაგრამ ეს იყო ბლოკით და როგორც წესით ბლოკში ვინც არის პირველი, ის იღებს ამ უფასო საეთერო დროს. ამაზე წინასწარ არის შეთანხმება. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ჩენ ვერ აღმოვჩნდით ამ სიაში“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, „ახალი მემარჯვენეები“ არის კვალიფიციური პარტია, რადგან ისინი წინაარჩევნების მიხედვით ბარიერგადალახულ  და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ პარტიად ითვლება, მაგრამ უფასო სარეკლამო დრო მაინც არ ეკუთვნით.

„რაც შეეხება „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ მასში შედის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც წინა არჩევნების შედეგად ბარიერი აქვს გადალახული. ეს არის „რესპუბლიკური პარტიაა“, სწორედ ამიტომ მიიღო ბლოკმა უფასო სარეკლამო დრო“, - დასძინა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, ცესკომ საარჩევნო სუბიექტების ის სია გამოაქვეყნა, რომელიც ამ დროისათვის არჩევნებისთვის ყველაზე კვალიფიციურია.

ცესკო-ს ინფორმაციით, უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნით სუბიექტებს – "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება", "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება".