ივანიშვილი: გია ბურჯანაძემ  თუ  ასეთი რამ თქვა, ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს

ივანიშვილი: გია ბურჯანაძემ თუ ასეთი რამ თქვა, ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლოდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ალასანიას წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებისა და მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.

ივანიშვილს ერთ -ერთმა ადგილობრივმა მისი მხარდამჭერის, "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის გია ბურჯანაძის მიერ გაკეთებული განცხადების გამო უსაყვედურეს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

როგორც  ერთ-ერთმა ქალბატონმა ბიძინა ივანიშვილს განუცხადა, მისი კოალიციის ცალკეული მხარდამჭერების მხრიდან მეგრელების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის და ამის გამო კოალიციის ლიდერმა და ამ ადამიანებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.

ივანიშვილის განცხადებით კი, ეს ფაქტი სვანეთში სოფელ ბეჩოს სკოლის დირექტორის ქმედებას გავს, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრაზე სკანდალი მოაწყო და მათ სკოლის ეზოდან გასვლა მოთხოვა.  მისი თქმით, მას გამგებელმა დაავალა, თუ გინდა დარჩე სკოლაში და შეინარჩუნო თანამდებობა, იქ უნდა მიხვიდე და იყვიროო და აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ ქალბატონსაც ასეთივე დავალება ჰქონდა.

„გია ბურჯანაძემ, მე არ მომისმენია, მაგრამ აქ ამიხსნეს, რომ თქვა "ვიღაც მეგრელი უღირსად მოიქცაო". გიასგან ამგვარი გამონათქვამი საკადრებელი არ არის და თუ მან ასეთი რამ თქვა, ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს, პირადად შევხვდები და მოვთხოვ ამას. გია ბურჯანაძეც კი, რომელიც ჩვენი საყვარელი მსახიობია, დაიბნა. ეს ქალბატონიც დააბნია სააკაშვილის იდეოლოგიამ. სწორედ მას სურს, რომ დააპირისპიროს სვანი და მეგრელი, იმერელი და კახელი, საქართველოს მოსახლეობა. ძალიან ხშირად, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეები ცდებიან და მცდარ გამონათქვამებს ხმარობენ". - აღნიშნა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბურჯანაძემ გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში აქციაზე მყოფ საზოგადოების ნაწილს დეგრადირებული მეგრელები უწოდა.