გოგი ხუციშვილი: უნდა გქონდეს იმის თქმის უფლება,  რომ შენს მიერ მოყვანილი პარლამენტი უკეთესია

გოგი ხუციშვილი: უნდა გქონდეს იმის თქმის უფლება, რომ შენს მიერ მოყვანილი პარლამენტი უკეთესია

გოგი ხუციშვილი: გქონდეს იმის თქმის უფლება,  რომ შენს მიერ მოყვანილი პარლამენტი უკეთესია

პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ახსენებს ძველი პარტიული ნომენკლატურიდან წამოსულ პარტიულ მუშაკებს, რომელთაც „მუმიფიცირებული ხელებით“ სურთ ქართული საზოგადოების საბჭოთა კავშირში დაბრუნება და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აშენებულის ნგრევა, ამიტომ ქართველმა ამომრჩეველმა მათ ხმა არ უნდა მისცეს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, გუშინ სააკაშვილის მიერ ვაჟა ლორთქიფანიძის ხსენება გახლდათ, რომელიც „ქართული ოცნების“ აქციაზე გამოჩნდა.

პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლანძღავ, შენ ამის უფლება უნდა გქონდეს, უნდა გქონდეს უკეთესი სახელმწიფო და გყავდეს უკეთესი პარლამენტი.

რამდენას სწორია ხელისუფლების ასეთი ტაქტიკა და რამდენად იქონიებს  მსგავსი ეპითეტები ზეგავლენას ქართველ ამომრჩეველზე ხმის მიცემისას „ნაციონალების“ სასარგებლოდ?

- განვიხილოთ, რა განწყობა არსებობს ქართულ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით. როდესაც შენ ასე ხელაღებით ლანღავ ძველ პოლიტიკოსებს, შენ უნდა გქონდეს დამკვიდრებული სახელი იმის, რომ შენს მიერ გატარებულმა თაობათა ცვლამ უკეთესი შედეგი გამოიღო. ჩვენ უნდა გვქონდეს აშენებული დემოკრატიული საზოგადოება, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, სახელმწიფო, რომელიც არა მხოლოდ შენობების შენებით შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს, არამედ ადამიანებისადმი მოპყრობით, ადამიანების უფლებების დაცვით, პრესისა და სასამართლოს თავისუფლებით. ანუ, ყველაფერ იმით, რითიც თანამედროვე სახელმწიფო ფასდება. ჩვენ ამ მხრივ უკან სვლა და ჩავარდნა გვაქვს , გვყავს ეფექტურად მომუშავე პოლიცია და გაკეთებული შენობების ფასადები, გზები. თუმცა, მხოლოდ ტექნიკური მაჩვენებლებით ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ წინ მივდივართ. ფაქტიურად, ზურაბ ჟვანიას შექმნილი და ჩამოყალიბებული პარლამენტი გაცილებით უფრო პლურალისტურად და ლიბერალურად გამოიყურებოდა, ვიდრე დღევანდელი. ასე ხელაღებით მოხსენიება ძველი პარტიული მუშაკების თუ პარლამენტარების არ შეიძლება, შენ უნდა გქონდეს იმის თქმის უფლება,  რომ შენს მიერ მოყვანილი პარლამენტი უკეთესია.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღევანდელი ხელისუფლების უმეტესობა ძველი პარლამენტის დამოქალაქეთა კავშირის“  წევრები და თანამდებობის პირები არიან...

ხელისუფლების მხრიდან ეს არის სელექტიური მიდგომა. ზოგისთვის შეიძლება, რომ მუდმივად იყოს და თაობიდან თაობაში გადავიდეს, მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი. მას არავინ  ეუბნება, რატომ იყო შევარდნაძის დროსაც, რევოლუციის დროსაც და რატომ არის  დღესაც. როგორც ჩანს, ხელისუფალის კრიტიკა მას არ ეხება და  ეხება მხოლოდ ზოგიერთებს, ეს ძალიან სელექტიური მიდგომაა.

რამდენად სასიამოვნო მოსასმენია ქართული საზოგადოებისა და ამომრჩევლისთვის პოლიტიკური ოპონენტების, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაზრდილობიანი ფორმებით შემკობა?

-ზუსტად ასე აღიქვამს ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს. ეს არის სელექტიური, სუბიექტური მიდგომა. ვინც სჭირდებათ მას აქებენ და გულში ჰყავთ, ვინც არ სჭირდებათ, მათ აძაგებენ. მაგრამ, ეს სრულიადაც არ გამოხატავს იმ რეალურ შეფასებებსა და თანაფარდობას, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკოსები ან პარტიის წარმომადგენლები იღებენ ხელისუფლების მხრიდან. შეიძლება ვაკრიტიკოთ ადამიანები, მაგრამ არა მხოლოდ ოპონენტები ან პოლიტიკური მოწინააღმდეგენი, მაშინ როდესაც შენს თანაგუნდელებზე იგივე შემთხვევაში არაფერს ამბობ,  ეს არასწორია.

საზოგადოების სელექტიური დაყოფა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2003 წლიდან დაიწყო. მოუტანა თუ არა საზოგადოების თვალში წარმატება ამ დაყოფამ ხელისუფლებას?

-რა თქმა უნდა არ მოუტანა. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა იმ შედეგებით, რაც 2004 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი დამცირება და ტრამვა კი 2008 წლის აგვისტომ მოუტანა ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა, თავიდან აგვეცილებინა.