სანდრო ბარამიძე: სასამართლოს მიერ ივანიშვილის დაჯარიმება  ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილებაა

სანდრო ბარამიძე: სასამართლოს მიერ ივანიშვილის დაჯარიმება ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილებაა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი სანდრო ბარამიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც,  კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დაჯარიმდა,  უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ აქამდე არსებულ დადგენილებებს შორის, ეს ყველაზე აბსურდული დადგენილებაა.

„ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მტკიცებულება მხედველობაში მაქვს,  ნოტარიუსის მიერ შედგენილი აქტი და „DVD“ - ზე  ჩაწერილი ვიდეო მასალა. თანხას, რომელსაც  კონტროლის პალატა ედავება, თითქოს ივანიშვილმა ეს თანხა „ქართულ ოცნებას“ შესწირა რეალურად,  ბიძინა ივანიშვილის ოჯახში  დღესაც ინახება და  მას მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ინახავს.  ამ მასალაზე ეს სრულიად თვალსაჩინოა. ივანიშვილი, როგორ განახორციელებდა შემოწირულობას ვინმეს სასარგებლოდ,  თუ მას ეს თანხა ოჯახიდან არ გაუტანია. აქედან გამომდინარე,  სასამართლოს მიერ,  დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში აუცილებლად გაასაჩივრებენ.

აქვე ბარამიძე აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ,  დაკისრებულ ჯარიმას კოალიციის ლიდერი დიდი ალბათობით არ გადაიხდის.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართადამრღვევად სცნო და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვით, ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა ნაღდი ფულის სახით „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობისთვის გამოიყენა სხვადასხვა პირების გამოყენებით.