სოსო ცისკარიშვილი: პარტიები უნდა მიხვდნენ,  რომ  არჩევნები და ოლიმპიური თამაშები ერთმანეთისგან განსხვავდება

სოსო ცისკარიშვილი: პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ არჩევნები და ოლიმპიური თამაშები ერთმანეთისგან განსხვავდება

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის თანახმადაც პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს აცხადებს, რომ ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმ პარტიებისთვის, რომლებმაც საარჩევნო ბატალიებში ჩასაბმელად რეგისტრაციის რიცხვი 40 - მდე აიყვანეს.

ცისკარიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ  „დემოკრატიულ მოძრაობას“ 15 - 20 პარტია მიბაძავს და ძლიერი ოპოზიციური გაერთიანებისთის ხმების წართმევას შეწყვეტენ.

„ხელოვნური რაოდენობა  მომავალ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა, რომლებიც დიდი ალბათობით,  „ნაციონალური მოძრაობის“  ძალისხმევის შედეგადაა, აუცილებელია დროზე იქნას შეფასებული თავად საზოგადოების მიერ და  პოლიტიკური პარტიები უნდა მიხვდნენ,  რომ საპარლამენტო არჩევნები და ოლიმპიური თამაშები ერთმანეთისგან განსხვავდება.  არჩევნებისთვის საკმარისი არაა მხოლოდ მონაწილეობა,  თუ გამარჯვების შნო არ გაქვს,  უნდა დააფასო ის ძალები,  რომელთაც მოცემულ მომენტში,   უპირატესობა აქვთ. ხოლო ქალბატონი ნინოს გადადგმული ნაბიჯი გახლავთ ის, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“  სრულიად ჯანსაღი პოლიტიკური ძალაა, რომელიც არ განერიდება არანაირ ბრძოლას,  მაგრამ არ სურს იყოს ხმების წამრთმევი იმ ძალებისთვის, რომლებსაც  ხელისუფლებასთან ანგარიშსწორების  მეტი შანსი აქვთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.