ლორთქიფანიძე:  არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე  ქვეყანას პარლამენტი აღარ ჰყავს

ლორთქიფანიძე: არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ქვეყანას პარლამენტი აღარ ჰყავს

საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე  NDI-ის ხელმძღვანელს ლუის ნავაროს მიმართავს, რომ პარლამენტის შენობის დაცლასთან დაკავშირებული ინფორმაცია აშშ–ს ადმინისტრაციას მიაწოდოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ „C“ კორპუსიდან თანამშრომლების გამოსახლების ბოლო ფაზას პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა შაბათ-კვირას გეგმავს.

ლორთქიფანიძის მტკიცებით, ეს კანონმდებლობის დარღვევა და იმ გეგმის ნაწილია, რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბებას უკავშირდება.

ლორთქიფანიძის თქმით, არჩევნების გაყალბების წინაპირობა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მიერ უვე გამოქვეყნებული შედეგებია, რომლის თანახმადაც, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საარჩევნო სია დაახლოებით 100 000 ამომრჩევლით გაიზარდა.

,,საკანონმდებლო ორგანო კანონდარღვევით იმიტომ გადააქვთ ქუთაისში, რომ არჩევნების გაყალბებას აპირებენ და საპროტესტო ტალღას გაერიდონ. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი ითვლება. არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ფაქტიურად, ქვეყანა პარლამენტის გარეშე რჩება“,  - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დეპუტატის თქმით, ფრაქციებმა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ,,ქრისტიან-დემოკრატებმა“ საკუთარი კაბინეტები პარლამენტში უკვე დაცალეს და ერთადერთი ფრაქცია, რომელიც ვადის ამოწურვამდე პარლამენტის დატოვებას არ აპირებს ოპოზიციური ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის“ არის“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.