დავით ბეგიაშვილი: აგონიაში მყოფ დანაშაულებრივ რეჟიმს,  საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიები აქვთ გაჩაღებული

დავით ბეგიაშვილი: აგონიაში მყოფ დანაშაულებრივ რეჟიმს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიები აქვთ გაჩაღებული

ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილი კეთილი ნების ადამიანებს, საქართველოს მოსახლეობას, დემოკრატიული ქვეყნის მთავრობებს, დიპლომატიურკორპუსს, საერთაშორისო და  უფლებადაცველ ორგანიზაციებს მიმართავს.

From.ge  ბეგიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"დღევანდელი დემოკრატიის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში შემაშფოთებელ ნიშნულზეა. საქართველოს ხელისუფლება თავის თანამემამულეების მიმართ, თავისუფალი საზოგადოებისათვის მიუღებელ და აკრძალულ "ილეთებს" იყენებს. მოსმენებით, საზოგადოების დეზინფორმაციით, დაკითხვებზე დაბარებებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, დაპატიმრებებით, დაქირავებული "მომხრეების" თუ  "ზონდერ" რაზმების თარეშით, დანაშაულებრივი რეჟიმი წინასაარჩევნოდ, საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ერთადერთი მიზნით ცდილობს - როგორმე არ დაუშვას საზოგადოების გაერთიანება ჯანსაღი აზრის ირგვლივ. ხელისუფლების მიერ ღიად იდევნება ოპოზიციურად განწყობილი თანამოქალაქეები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში უმრავლესობაში არიან. ციხეები გაივსო უდანაშაულო პატიმრებით, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუსაძლისი ეკონომიური მდგომარეობისა თუ ხელისუფლებისაგან წარმოქმნილი საფრთხის გამო, გადახვეწილია ემიგრაციაში. მძიმე რეალობასთან შეუგუებლობის გამო დაჯარიმებულია და სამსახური დაკარგა უამრავმა ადამიანმა, დატერორებულია კერძო სექტორი, მცირე მეწარმეები თუ თავისუფალი ბიზნესი. აგონიაში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები კარგად ინფორმირებულები არიან საქართველოს მოსახლეობის რეალურ საარჩევნო განწყობაზე და ძალაუფლების დაკარგვისა და ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისგების შიშით შეპყრობილებს ფართომასშტაბიანი რეპრესიები აქვთ გაჩაღებული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით მოქმედი სამათლებრივი სისტემა მართულია ხელისუფლების მიერ და არ იძლევა მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვის საშუალებას და ამის გამო ქართული საზოგადოება საფრთხეშია.

მივმართავ დემოკრატიული ქვეყნის მთავრობებს, დიპლომატიურ, საერთაშორისო და უფლებადმაცველ ორგანიზაციებს დააწესონ საქართველოში  განვითარებულ მოვლენებზე მონიტორინგი და ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას ყველა შესაძლო საშუალებებით წინ აღუდგნენ. საქართველოს მოსახლეობას კი გაერთიანებისაკენ და სიმტკიცისაკენ მოვუწოდებ, ჩვენი ერთობით ტირანიას  დავამარცხებთ,  დამნაშავეებმა კი,  პასუხი უნდა აგონ საკუთარი ხალხის წინაშე,, - აცხადებს ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5"-ის და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი ბიზნესმენი ბეგიაშვილი.