„ნაციონალური მოძრაობა“ კომპანია Penn Schoen Berland-ის შედეგებს არ ენდობა

„ნაციონალური მოძრაობა“ კომპანია Penn Schoen Berland-ის შედეგებს არ ენდობა

"ნაციონალური მოძრაობა" კომპანია Penn Schoen Berland-ის შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული კვლევის მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია.

როგორც მმართველი პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ განაცხადეს უარი, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია მათ მიერ დაფინანსებული კვლევის თაობაზე. გუშინ კვლევითმა კომპანია Pენნ შცჰოენ Bერლანდ-მა პრესკონფერენცია გამართა, სადაც უპასუხოდ დატოვა ძირითადი კითხვები კვლევის მეთოდოლოგიასა და დაფინანსების გამჭვირვალეობის შესახებ.

პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა არ წარმოადგინა ინფორმაცია კითხვების დასმის ფორმისა და მათი თანამიმდევრობის შესახებ. უფრო მეტიც, ორგანიზაცია უარყოფს, რომ კვლევა დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ზემოაღნიშნული ეწინააღმდეგება Penn Schoen Berland--ის თანამშრომლის, მიტჩელ კეიტსის განაცხადებას, რომ კომპანია ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის მუშაობს. ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევა კვლევის სპონსორად და რომლის დამფუძნებელი კორუფციული გარიგებისთვის ბრალდებული ბიძინა გიორგობიანია, სინამდვილეში არის უბრალოდ ფასადური და ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევისთვის საველე სამუშაოები ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელიც ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მრჩეველია.

ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, მათ შორის, ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა, როგორიცაა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IღI). აღნიშნული კვლევების დაფინანსების წყარო და მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ყველა ეს კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს „ქართულ ოცნებაზე“, როგორც მინიმუმ, 15 %-ით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საყოველთაოდ დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კვლევის სანდოობა განისაზღვრება მეთოდოლოგიისა და ფინანსების გამჭვირვალეობით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კვლევის მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია. ამომრჩევლები თავად გააკეთებენ დასკვნას იმ პარტიასა და კვლევით ორგანიზაციაზე, რომელიც უარყოფს გამჭვირვალობას, არღვევს პროფესიულ სტანდარტებს და უარს ამბობს სიმართლის თქმაზე.”-ნათქვამია ნაცმოძრაობის განცხადებაში.