ცაგარეიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს

ცაგარეიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს ახლადგამოცემული ჟურნალის „ახალი საქართველოს“ დარიგებისა და ჟურნალის დამფინანსებლების საკითხით დაინტერესდეს.

დღეს გამართულ ბრიფინზე ცაგარეიშვილმა მაღალპოლიგრაფიულ, სამ ენაზე გამოცემული ჟურნალი წარმოადგინა, რომელშიც ასახულია 2004-2012 წლებში გახორციელებული სხვადადასხვა ტიპის არქიტექტორული პროექტები. ჟურნალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით და კერძო კომპანიების: „საქართველოს ბანკის“, „თი-ბი-სი ბანკის“, „ლიბერთი ბანკის“, „აუთდორის“, „გალფის“, „სოკარის“ და „ვისოლის“ დაკვეთით გამოიცა.

ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ჟურნალი გუშინ ღამით მის სადარბაზოში დაარიგეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, რომელთაც 5-ნომრიანი მაისურები ეცვათ.

ცაგარეიშვილმა განმარტა, ჟურნალი რეალურად მმართველი პარტიის საარჩევნო გამოცემაა და მათ საარჩევნო კამპანიაში ირიბი ფორმით კერძო კომპანიებიც არიან ჩართული, რაც კანონდარღვევაა.

ცაგარეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ჟურნალის გამოცემაში აღნიშნული კომპანიების მონაწილეობა გასაკვირი არ არის, რადგან „ვისოლი“ სააკაშვილების, ხოლო „აუთდორი“ და „გალფი“ დავით კეზერაშვილის კუთვნილ კომპანიებს წარმოადგენს.

„საქართველო, ბოდიში და  დიდ აბანოს ჰგავს, სადაც ნათია მოგელაძისა და სააკაშვილისთვის თეთრი და შავი ვერ გამოჩნდა. რა კავშირი აქვს კულტურის სამინისტროს ნაციონალურ მოძრაობასთან? ეს არის ირიბი თანამონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში. რატომ არიგებენ „ვისოლის“ და  „გალფის“ მიერ დაფინანსებულ ჟურნალს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ღამურებივით ღამით? სცხვენიათ დღისით მოსვლა? – იკითხა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს რა კავშირი აქვს კერძო კომაპანიის მიერ დაფინანსებულ ჟურნალს ნაციონალურ მოძრაობასთან. 

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ 5-ნომრიან მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები ჟურნალებს მთელ თბილისში  არიგებენ, რაშიც ხელფასის სახით 300 ლარს იღებენ.