საგარეო უწყება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

საგარეო უწყება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სრული შიდა მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ დიპლომატიური უწყების „პოლიტიზირებისა“ და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებები უსაფუძვლოა.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„2012 წლის 27 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ის აკრიტიკებს საქართველოს დიპლომატიური უწყების „პოლიტიზირებას“,  კერძოდ,  იმ ფაქტს, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს პოლიტიკური ხასიათის ელექტრონულ წერილებს უგზავნიდა“.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სრული შიდა მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ დიპლომატიური უწყების „პოლიტიზირებისა“ და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებები უსაფუძვლოა.

ზემოხსენებული ელექტრონული წერილები არ შეიცავდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ შეფასებებს. მათში აქცენტი გადატანილი იყო იმ ფაქტებზე, რომლებიც ასახავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ქართული პოლიტიკური პარტიების პოზიციებს. როგორც ერთ-ერთ წერილში ნათლადაა მითითებული, გაგზავნილი მასალა მიზნად ისახავდა ექსპერტებისა და მკვლევარებისთვის ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებას „13 ივნისს, ატლანტიკურ საბჭოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის გამოსვლის კვალდაკვალ“. მსგავსი შინაარსის არის ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მითითებული მეორე წერილიც. არც ერთ დასახელებულ შემთხვევაში, ქართველ დიპლომატებს უცხოელი კოლეგებისთვის თავიანთი პოლიტიკური შეფასებები არ მიუწოდებიათ. ამასთან, მოცემულ კორესპონდენციაში საქართველოს დიპლომატიური სამსახური პროპაგანდას არ უწევდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოზიციას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში ასევე არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიტიკური მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ბრალდება. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ელექტრონული წერილები განკუთვნილი იყო არა საქართველოს მოქალაქეების არამედ,  უცხოელი ექსპერტების და მკვლევარებისთვის, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა განცხადება იმასთან დაკავშირებით. რომ სამინისტრომ საარჩევნო მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები.

საქართველოს მთავრობა და შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უფლებამოსილია გააჩნდეს მკაფიოდ განსაზღვრული და დეკლარირებული ინტერესები და პოზიციები ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია და ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და სხვა სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვა. ამდენად, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას ამ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების პოზიციებთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოს დიპლომატიურ მისიებს რეგულარულად მიმართავენ ექსპერტები, მკვლევარები და სხვა დაინტერესებული პირები თხოვნით, მიაწოდონ მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ინფორმაცია. აღნიშნულ კონტექსტში, ქართველი დიპლომატები ხშირად ავრცელებენ ფაქტობრივ მასალას, თავიანთი მხრიდან რაიმე პოლიტიკური შეფასების გამოთქმის გარეშე.

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ცალსახაა, რომ ქართველ დიპლომატებს არ დაურღვევიათ საქართველოს კანონმდებლობა და დემოკრატიული ქვეყნებში დადგენილი დიპლომატიური სტანდარტები. საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომშიც უზრუნველყოფს, რომ მისი საქმიანობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დიპლომატიის და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის აღიარებულ ნორმებს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციას და დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.