პარტია „თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიებს სოციოლოგიური კვლევის ერთობლივი დაფინანსების ინიციატივით მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების შესახებ, უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის უნდობლობას სამართლიანად იწვევს, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული ტენდენციით, სოციოლოგია იმ ძალების პროპაგანდის საშუალებად იქცა, რომელთა დაფინანსებითაც კვლევა ტარდება.
შესაბამისად, „თავისუფალი საქართველო“ მოსახლეობის რეალური განწყობების გამოსაკვლევად, ობიექტური და მიუკერძოებელი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს.
„იმისათვის, რომ კვლევის დასრულების შემდეგ, არ მოხდეს შედეგებისთვის უნდობლობის გამოცხადება სხვადასხვა პარტიების მხრიდან, „თავისუფალი საქართველო“ ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართავს ინიციატივით, მოვახდინოთ ამ გამოკითხვების ერთობლივი დაფინანსება და მივიღოთ თანაბარი მონაწილეობა კვლევის ჩატარებაში“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პრინციპით ჩატარებული კვლევა მოგვცემს რეალურ შედეგებს მოსახლეობის განწყობებთან დაკავშირებით.