სასამართლომ „ელიტა ბურჯის“ იურისტს  ოცდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ „ელიტა ბურჯის“ იურისტს ოცდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

დღეს, კომპანია „ელიტა ბურჯის“ იურისტის იმედა ნიკურაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკურაძეს ოცდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

 იმედა ნიკურაძის ადვოკატის ალა კახნიაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით შეეფარდა, თუმცა გადაწყვეტილება უკანონოა.

კახნიაური განმარტავს, რომ  ნიკურაძის ქმედება კანონიერი იყო და აღნიშნავს, რომ ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულდებდა.

„ითხოვდა სამართალდამცველებისგან ამ ტერიტორიის დატოვებას ან შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენას“, - განაცხადა კახნიაურმა.

მისივე თქმით,  „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე სამართალდამცველები უკანონოდ იმყოფებოდნენ.

„მესაკუთრე 7 აგვისტოს დასახელდა და აქედან გამომდინარე, ამის შემდეგ ჰქონდა მას უფლება მიემართა აღსრულების ბიუროსთვის შენობის დაცლის მოთხოვნით. ის შემთხვევა, რაშიც იმედა ნიკურაძეს ბრალს სდებენ 6 აგვისტოს მოხდა, მაშინ, როდესაც შპს „ბურჯის“ ტერიტორიაზე განთავსებულ „ელიტა ბურჯში“ დაცვის პოლიცია და აღმასრულებლები უკანონოდ იმყოფებოდნენ“, - განაცხადა  კახნიაურმა.

იმედა ნიკურაძის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

ცნობისთვის, იმედა ნიკურაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გუშინ დააკავეს.