გიგი უგულავა: საქართველო  ვითარდება და ეს განვითარება მათი დამსახურებაა, ვინც  სამშობლოსთვის სისხლი დაღვარა

გიგი უგულავა: საქართველო ვითარდება და ეს განვითარება მათი დამსახურებაა, ვინც სამშობლოსთვის სისხლი დაღვარა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ 2008 წელს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

უგულავამ ლადო ასათიანის ლექსიდან ფრაზა გაიხსენა  „ჩვენ შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს“  და აღნიშნა, რომ უკვე 4 წელია დღე არ გავა ეს ფრაზა არ გაიხსენოს.

„ამ ფრაზამ ჩემთვის განსხვავებული ჟღერადობა შეიძინა 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ. დღეს საუბრობენ ხოლმე იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი. ომი რუსეთმა დაიწყო, როცა 1801 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი დაარღვია და საქართველოს დაპყრობა მოახდინა. ომი რუსეთმა მაშინ დაიწყო, როცა მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში 16 აჯანყება სისხლში ჩაახშო, მაშინ, როცა ილია ჭავჭავაძე მოკლეს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, მაშინ, როცა 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები ნიჩბებით დახოცა, როცა 1992-1993 წლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოახდინა და შემდეგ 2008 წელს, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება დამხობა სცადა. მიუხედავად მთელი ამ მცდელობებისა, საქართველო ფეთქავს, ვითარდება და ეს განვითარება სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც საკუთარი სამშობლოსთვის სისხლი დაღვარა. ეს არ არის მხოლოდ მოგონების დღე, ეს თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეა“,  - განაცხადა უგულავამ.