ევროკომისია დაზარალებულთა  დასახმარებლად, 118 590 ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

ევროკომისია დაზარალებულთა დასახმარებლად, 118 590 ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

ევროკომისია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც კახეთში, სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა–მთიანეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ევროკავშირი 118 000 ევროზე მეტ დახმარებას გამოყოფს.

განცხადების მიხედვით, ეს დახმარება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით გაიცემა, რომელიც, თავის მხრივ, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციების კომიტეტის ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდის დაფინანსებით მოქმედებს. ამ დაფინანსების საშუალებით დაზარალებულებს დაურიგდებათ ლეიბები, საბნები, საკვების დასამზადებელი და ჰიგიენის საშუალებები და ცელოფანის/ბრეზენტის საფარი.

ევროკომისიის განმარტებით, ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდი ძირითადად,  მცირემასშტაბიანი კატასროფების შედეგების დაძლევას ემსახურება და ოფიციალური საერთაშორისო განაცხადების შემოტანას არ საჭიროებს.

ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდი 1985 წელს შეიქმნა და დონორთა შემოწირულობების ხარჯზე ფუნქციონირებს. ყოველ ჯერზე, როდესაც წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციას ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოფხრისთვის საგანგებო ფინანსური დახმარება ესაჭიროება, მას თანხების ამ ფონდიდან მოთხოვნა შეუძლია.

19 ივლისს, სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონი ძლიერმა ქარიშხალმა, წვიმამ და სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. 20 000–ზე მეტი ოჯახმა დიდი დანაკარი განიცადა; მათ სახლ–კარი და მოსავალი გაუნადგურდათ. დაინგრა გზები, მწყობრიდან გამოვიდა კომუნიკაციები და წყლის სისტემა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაკვეთები, დაიღუპა საქონელი და განადგურდა მოსავალი.