აღსრულების ეროვნული ბიურო შპს „ბურჯის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

აღსრულების ეროვნული ბიურო შპს „ბურჯის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

აღსრულების ეროვნული ბიურო შპს „ბურჯის“ საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას შ.პ.ს. „ბურჯის“ საქმესთან დაკავშირებით სააღსრულებო საქმის წარმოების დეტალებზე. ელექტრონული აუქციონი შ.პ.ს „ბურჯის“ ქონებაზე 2 აგვისტოს დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად შეიძინა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“  საქართველოს კანონის მიხედვით  აუქციონზე გამარჯვებულმა თანხა 10 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს სრულად, რის შემდეგაც ის გახდება ქონების საბოლოოდ შემძენი, შესაბამისად შემძენს ქონება უნდა გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფართების გამოთავისუფლებასა და მათ მომზადებას ახალი მესაკუთრისათვის გადასაცემად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული #4/2756-12 და 4/2751-12 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე შპს „ბურჯს“ ჯარიმის სახით დაეკისრა 11 018 105 ლარის გადახდა, მას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური  771 267,35 ლარის ოდენობით. რის საფუძველზეც განხორციელდა შპს „ბურჯის“ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანა, სადაც აღნიშნული ქონება 8 761 513.55 ლარად გაიყიდა. საჯარო აუქციონზე „ბურჯის“ ქონების საწყისი ფასი კი 5 153 831.50 ლარს შეადგენდა.

აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.