სოსო ცისკარიშვილი: ივანიშვილმა კორექტულად, მაგრამ მწვავედ ასახა ეკლესიაში არსებული ვითარება

სოსო ცისკარიშვილი: ივანიშვილმა კორექტულად, მაგრამ მწვავედ ასახა ეკლესიაში არსებული ვითარება

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის გაყოფასა და სასულიერო პირების დაპირისპირების შესახებ, მოქალაქეობრივ გულადობად აფასებს და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ პრობლემის არ შემჩნევა და მიჩუმათება კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირებას გამოიწვევდა საზოგადოებაში.

„უაღრესად სათუთი თემა გახლავთ, ნათქვამია კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო. აბსოლუტურად გულწრფელი იყო ივანიშვილი გუშინ თავის გამოსვლაში ამ მიუღებელი რეალობის გამო, არა თუ აზრთა სხვაობა, არამედ  დაპირისპირება აცალკევებს მრევლს ერთმანეთისგან და სრულიაც ცხადია, რომ ეს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია. ვერადა ვერ იკადრა თბილისის მერმა როგორც რიგითმა მორწმუნემ, ისე იურთიერთოს ეკლესიასთან და რატომღაც ჰგონია, რომ რახან ოდესღაც სტიქაროსანი იყო, შინაურულად და არც თუ კორექტულად გამოთქვას თავისი მოსაზრებები უშუალოდ სასულიერო პირებთან მიმართებაში“,-აცხადებს ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგის აზრით, ზოგიერთი სასულიერო პირის არალეგალური კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ხალხის რწმენას კი არ ვნებს, არამედ იმ პიროვნებებს, რომლებიც საკუთარ სტატუსში ვერ გარკვეულან.

„ჩვენ მოწმენი ვართ ქუთაისში მიმდინარე პროცესებისაც, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული სიტიაციია ამ მხრივ, სადაც სასულიერო წინამძღოლს ბოლოს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“  აქტივისტს, ალბათ ისე  დააჯილდოვებენ. თუმცა, ყოველივე ეს ქართველი ხალხის რწმენას კი არ ვნებს, არამედ იმ პიროვნებებს, რომლებიც საკუთარ სტატუსში ვერ გარკვეულან და ხელისუფლებასთან არალეგალური  კომუნიკაციები გახდა მათთვის სახელი. ამას ყველაზე უკეთ განგება თავად გადაწყვეტს, ღვთის წინაშე ყველას ექნება პასუხი გასაცემი საკუთარ ქმედებაზე .ამ პრობლემის არ შემჩნევა და მიჩუმათება კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირებას გამოიწვევდა. მე პირადად ძალიან პოზიტიურად მიმაჩნია ის მოქალაქეობრივი გულადობა, რაც ბატონმა ივანიშვილმა გამოიჩინა და კორექტულად, მაგრამ მწვავედ ასახა ის ვითარება რაც ეკლესიაში ხდება.

რაც მთავარია, მან დადო  პირობა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ იქნება გარკვეული ტიპის კატალიზატორი შესაძლო გაუგებრობისა ეკლესიაში არსებული ფარგლებში და არასოდეს ჩაერევა ეკლესიის საქმიანობაში. ეს ჩემის აზრით, ყველაზე სწორი გზავნილი იყო მორწმუნეებისადმი, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად უნდა იყოს დისტანცირებული ეკლესიისგან და არ გააჩნდეს სურვილი, რაიმე ზეგავლენა იქონიოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე“,-აცხადებს ცისკარიშვილი.