თავისუფალი პროფკავშირები „სოლიდარობა 2“  დაფუძნდება

თავისუფალი პროფკავშირები „სოლიდარობა 2“ დაფუძნდება

საქართველოს თავისუფალი პროფკავშირები „სოლიდარობა 2“  მიმდინარე წლის რვა დეკემბერს დაფუძნდება.  კონფერენციის მონაწილეებმა დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარედ თავისუფალი პროფკავშირების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ემზარ ბეჟაშვილი აირჩიეს.

ბეჟაშვილის განცხადებით,  დღევანდელი კონფერენციის მიზანი მთავრობისგან დამოუკიდებელი ალტერნატიული პროფკავშირის შექმნაა, რადგან მისივე თქმით, დღეს მოქმედი ერთადერთი პროფკავშირი, რომელიც ხელისუფლების ნების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს, მოქალაქეთა პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს არ იცავს.

„ყველა დაინტერესებულ პირს მოგიწოდებთ 8 დეკემბერს საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების „სოლიდარობა 2“-ის დამფუძვნებელი ყრილობა ერთად ჩავატაროთ და ჩვენი შრომითი და პროფესიული უფლებების დასაცავად ერთად ვიბრძოლოთ“,- განაცხადეს კონფერენციის მონაწილეებმა.

თავისუფალი პროფკავშირების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორის ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, ალტერნატიული პროფკავშირი მთავრობის დიქტატისგან თავისუფალი იქნება.

„მასში გაწევრიანებული ადამიანები ჩვენთან ერთად იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალური პროფკავშირი არსებობდეს. მოქალაქეთა პროფესიული დაცვა რეალურად მოხდეს და არა ისე, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით,  თავისუფალი პროფკავშირების შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან, მისივე თქმით, ის, რაც დღემდე ხდება, საბჭოთა კავშირში და ფაშისტურ გერმანიაში არსებული პროფკავშირის გაგრძელებაა.

„სოლიდარობა 2-ის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის“, „რკინიგზელთა თავისუფალი კავშირის“,  „თავისუფალ მოვაჭრეთა კავშირის“, „თავისუფალ ტრანსპორტელთა კავშირისა“ და სხვა ასოცაციების წარმომადგენლები არიან.