აღსრულების ბიურო: ის რაც  „ბურჯში“  ხდება,  ჩვეულებრივი სააღსრულებო პროცესია

აღსრულების ბიურო: ის რაც „ბურჯში“ ხდება, ჩვეულებრივი სააღსრულებო პროცესია

აღსრულების ბიუროს ცნობით, შპს „ბურჯი“ახალი მფლობელისთვის გადასაცემად მზადდება და კომპანიაში ქონების აღწერა მიმდინარეობს. შესაბამისად, ისინი აცხადებენ, რომ ის რაც „ბურჯში“ ხდება,  ჩვეულებრივი სააღსრულებო პროცესია.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა. ამ დრომდე უცნობია, ვინ იყიდა შპს „ბურჯის“ ქონება. ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ ახმაურებენ. ამასთან, ქონების მყიდველის ვინაობა „ქართუ ჯგუფისთვისაც“  უცნობია, რომელშიც შპს "ბურჯი" იყო გაერთიანებული.

აუქციონზე შპს „ბურჯის“ 203 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება და 7 უძრავი ქონების ობიექტი გაიყიდა. მყიდველმა თანხა 13 აგვისტომდე უნდა გადაიხადოს. „ბურჯის“ ქონებაზე საწყისი ფასი იყო 5.153.831 ლარი და 50 თეთრი.

შპს „ბურჯი“ აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ შეღავათიანად ავტომობილების მიქირავებისათვის, ასევე,  კოალიციის ოფისებით შეღავათიან ფასებში გარემონტებისათვის 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გავიდა.