შს სამინისტრო:  სოფელ ორულუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრო: სოფელ ორულუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, გუშინ, 2 აგვისტოს სოფელ ორულუში ინცინდენტი 17:00 საათზე მოხდა. მოქალაქე ემზარ ცაავას სახლში ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას და კონფლიქტს ემზარ ცაავასა და მის ბიძაშვილ ირაკლი ცაავას შორის.

შსს-ს ინფორმაციით, ემზარ ცაავას ოჯახის წევრებისა და მეზობლების განცხადებით, ინცინდენტს მოყვა გარკვეული ნივთების დაზიანება.  მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, რომლის მიზანია დაადგინოს, იყო თუ არა მომხდარ კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები.

თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში მცხოვრები „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ემზარ ცაავას განცხადებით, გუშინ სახლში შეუვარდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ირაკლი ცაავა, რომელიც მისი ახლო ნათესავია. ცაავას თქმით, პოლიციის თანამშრომელი შეიარაღებული იყო, მას აშინებდა და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვდა.

ემზარ ცაავამ მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს წუხელ გვიან ღამით მიმართა.

ამასთან, დღეს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა სამართალდამცველებს აღნიშნული ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.