დღეს,  აუქციონზე პარტიებისთვის 10 შემომწირველის დაყადაღებული  ქონება გავა

დღეს, აუქციონზე პარტიებისთვის 10 შემომწირველის დაყადაღებული ქონება გავა

აღსრულების ეროვნული  ბიუროს ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიებისთვის 17 შემომწირველის დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანა დღეიდან იწყება. მათი განცხადებით, დღეს, აუქციონზე 10 შემომწირველის ქონება გავა. დანარჩენი პირების ქონებაზე კი აუქციონი 6 აგვისტოს ჩატარდება.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით 17 პირის წინააღმდეგ სამართალდარღვევათა ოქმებით აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვიდმეტივე პირი გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა. ერთ-ერთი მათგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბეჟან ოდიშვილია, რომელიც 25 000 ლარით დაჯარიმდა. გარდა ბეჟან ოდიშვილისა, დანარჩენმა 16-მა პირმა დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შემდეგ, პირებს დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ქონება დაუყადაღეს.

რაც შეეხება ჯარიმის თანხებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას – 77.250, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს – 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს – 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას – 24.987, ლევან ჩქარეულს – 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს – 57.400 ლარი, ირმა დავითაძეს – 78.365, ავთანდილ დავითაძეს – 114.192, გიორგი მოსიაშვილს – 125.350, მაია თანიაშვილს – 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს – 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს – 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს – 40.250.