ბაჩუკი ქარდავა: „ქართული ოცნება“  რუსეთს საქართველოში შემოჭრის საბაბს აძლევს

ბაჩუკი ქარდავა: „ქართული ოცნება“ რუსეთს საქართველოში შემოჭრის საბაბს აძლევს

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით,  „ედპ“ რუსეთის საქართველოში შემოჭრის საფრთხეს ხედავს და მიიჩნევს, რომ  ამის საფუძველს პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნება“ ქმნის.

ქარდავას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსი სამხედროების კონცენტრირება  ხდება და,  იმავდროულად,  შავ ზღვაზე,  სადესანტო გემებია შეყვანილი.

ქარდავა აღნიშნავს, რომ  ახლა საქართველოში საარჩევნო ციებ-ცხელება მიმდინარეობს და ქართულ-რუსული პრობლემებით აღარავინ ინტერესდება.

ქარდავას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრებზე ამბობენ, რომ თუ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება, ქუჩაში გავლენ და ხელისუფლების მხრიდან მათი დარბევის მცდელობისას გვერდით რუსული ჯარი დაუდგება.

„ესენი აძლევენ რუსეთს საბაბს, რომ საქართველოში შემოიჭრან“, – განაცხადა  ქარდავამ.

ქარდავას განცხადებითვე,  „ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა მამუკა არეშიძემ მის მიერ გაკეთებული განცხადებით ქართული შენაერთები რუსეთის მხრიდან წერტილოვანი დარტყმის საფრთხის ქვეშ ჩააყენა, ისაუბრა რა, იმის თაობაზე, რომ თუ რა სამხედრო მომზადება მიმდინარეობს მუხროვანის ბაზაზე.

„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის და ყველა საბაბს გამოიყენებს საქართველოში შემოსაჭრელად, რათა შეაჩეროს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში კი, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება გარდაუვალია“, - განაცხდა ქარდავამ.