მაია ფანჯიკიძე:  რომელ რიცხვშიც არ უნდა დანიშნულიყო არჩევნები, იმ დღეს დავამარცხებთ ხელისუფლებას

მაია ფანჯიკიძე: რომელ რიცხვშიც არ უნდა დანიშნულიყო არჩევნები, იმ დღეს დავამარცხებთ ხელისუფლებას

"ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით  პრეტენზია არ გააჩნია. „ჩვენთვის მისაღებია არჩევნების ნებისმიერი თარიღი, რადგან დარწმუნებულნი ვართ რომ გავიმარჯვებთ” – განაცხადა   „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

"ჩვენთვის ყველაფერი მისაღებია. რომელ რიცხვშიც არ უნდა დანიშნულიყო არჩევნები, იმ დღეს დავამარცხებთ ხელისუფლებას",-განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დიდი ხანია, დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, გახსნა ოფისები და ფაქტობრივად ყველა მაჟორიტარი წარადგინა.
"ჩვენ გათვლა გვქონდა სწორედ იმაზე, რომ ოქტომბრის პირველი რიცხვიც შეიძლებოდა ყოფილიყო არჩევნების თარიღი. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ამას ხშირად ვამბობდით და ამ გეგმით მივდივართ სრულიად წყნარად და მშვიდად",- განაცხადა ფანჯიკიძემ.

პრეზიდენტ  სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს, ორშაბათს გაიმართება.

ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიის კიდევ ერთი დადასტურება იქნება, აღნიშნა მანჯგალაძემ.