მაია ფანჯიკიძე: „ნაცმოძრაობამ“  პარტიების ქცევის კოდექსის იდეა არასამთავრობოებს მოსტაცა

მაია ფანჯიკიძე: „ნაცმოძრაობამ“ პარტიების ქცევის კოდექსის იდეა არასამთავრობოებს მოსტაცა

პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის  მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პარტიების ქცევის დოკუმენტთან  დაკავშირებით, რომელზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ ხელის მოწერისკენ მოუწოდა, კოალიციას ახალი კომენტარი არ აქვს, თუმცა ფანჯიკიძე აქვე აღნიშნავს, რომ  „ნაციონალურმა  მოძრაობამ“  პარტიების ქცევის კოდექსის იდეა არასამთავრობო ორგანიზაციებს,  კერძოდ - კამპანია „ეს შენ გეხებას“  მოსტაცა.

„ეს „ეს შენ გეხებას“ ინიციატივა იყო. მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია შეუერთდებოდა და რომელიც კონკურენტუნარიანი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობდა ხელს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არასამთავრობოების ინიციატივა მოიტაცა და საკუთრად წარმოადგინა და მათ მიერ შემუშავებული 17 პუნქტი აღნიშნულ დოკუმენტში გააერთიანა. აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია ის, რასაც საარჩევნო კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს. „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებს ხელს აწერინებს ადმინისტრაციული რესურსის გამოუყენებლობაზე და ამ რესურსის გამოყენების უფლება „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პარტიებს ისედაც არ აქვთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა „ქართულ ოცნებას“ გუშინ  პარტიების ქცევის დეკლარაციის შეერთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.