წინასაარჩევნო პერიოდში  სატელევიზო მედიის რეგულირების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს

წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზო მედიის რეგულირების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს

წინასაარჩევნო პერიოდში  სატელევიზიო მედიის რეგულირების საკითხზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დისკუსია მიმდინარეობს, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მონაწილეობს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე,  წინასაარჩევნოდ „მასთ ქერის“ პრინციპის ეფექტური ამოქმედებაა.

„მედიის ადვოკატირებისთვის წარმომადგენლის“ თამარ კორძაიას განცხადებით, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ცდილობს არსებულ პრობლემებზე   რეაგირება დროულად მოახდინოს. შესაბამისად, მისი თქმით, მსგავსი დისკუსიის გამართვის საჭიროება „მასთ ქერის“ მოქმედების ორთვიან პერიოდსა და  წინასაარჩევნო კამპანიის დროს,   კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვალდებულებას მიეძღვნა, რათა  ტელევიზიების მიერ, თავიანთი ვალდებულებების შესრულებას  მონიტორინგი გაუწიოს.

„ორივე ძალიან რთული და ვრცელი თემაა.  ამიტომ ვთხოვეთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით,  თავისი ხედვა წარმოედგინა.  კომისიის წარმომადგენლები აკეთებენ  მოხსენებას იმასთან დაკავშირებით,  თუ რა პროცედურებია საჭირო „მასთ ქერის“ სრულყოფილად ამოქმედებისთვის.  ჩვენ კარგად ვიცით, რომ  საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი არიან,  ორი თვის განმავლობაში  ის ტელევიზიები,  რომლებსაც  საეთერო ლიცენზია გააჩნიათ   უფასოდ ჩართონ ქსელში. დღესვე  კომისიის წარმომადგენლები საკაბელო ოპერატორებს  უფრო დეტალურად განუმარტავენ,  თუ როგორ უნდა განახორციელონ ეს ჩართვა. მეორე საკითხი,  რომელზედაც ძალიან სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს, მედიის მიერ, ამა თუ იმ საკითხის გაშუქების მონიტორინგის  განხორციელებაა.  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო საჯარო წარმოება,  იგი დაინტერესებული პირების მონაწილეობით განიხილავს იმ საკითხს , თუ როგორ უნდა განახორციელოს  მონიტორინგი“, - განაცხადა კორძაიამ და აღნიშნა, რომ  ამ პროცესში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რათა კომისიას მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს.

კორძაიას თქმით, 15 აგვისტოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  საკუთარი დადგენილებით მონიტორინგის წესს დაამტკიცებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება  მინიმუმ ამ სხდომას მაინც უნდა დაესწროს,  რათა  მონიტრორგის შესახებ  ინფორმირებული იყოს.