„თავისუფალი საქართველოს“ მტკიცებით,  „ნაც.  მოძრაობა“  ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობს

„თავისუფალი საქართველოს“ მტკიცებით, „ნაც. მოძრაობა“ ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“  მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობს. აღნიშნულის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 29 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა,  რომელსაც თან ახლდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კახეთში ლევან ბეჟაშვილი. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულებს, როგორც  საცხოვრებელი სახლის შეკეთებაზე, ასევე ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ, დახმარებას დაჰპირდნენ.

„ფოტო მასალა, რომელიც მოპოვებულ იქნა ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ, ნათლად ცხადყოფს, რომ ზემოთ აღნიშნულმა პირებმა ერთად მოინახულეს ამავე სოფლის მკვიდრები, სტიქიისგან დაზარალებული ბიძინაშვილების და ბოგდანოვების ოჯახები, სადაც ბატონი ბოტკოველის მხრიდან გაისმა არაერთი დაპირება სტიქიით დაზარალებულთა,  როგორც საცხოვრებელი სახლის შეკეთებაზე, ასევე ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად,  „თავისუფალი საქართველო“-ს კახეთის ორგანიზაცია  საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს,  ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწიოდებს

„ვთვლით, რომ კანონდარღვევა სახეზეა, ერთის მხრივ საქმე გვაქვს პოლიტიკური პარტიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვასთან და მეორეს მხრივ ადმინისტრაციული რესურსის აშკარა გამოყენებასთან, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციებით აკრძალულია“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.