რატომ დადის დავით ბაქრაძე დაძმარებული?

რატომ დადის დავით ბაქრაძე დაძმარებული?

დავით ბაქრაძე ბოლო პერიოდში  უხასიათოდ დადის. ეს ფაქტი არც საპარლამენტო ოპოზიციას და არც ჟურნალისტების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია.

როგორც ჩანს, ბაქრაძემ უკვე შეიტყო რომ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი აღარ იქნება და მისი „დაძმარების“ მიზეზი სწორედ ეს არის. რადგან სიის პირველი ნომერი აღარ იქნება, ბაქრაძეს წესით, „ჩამოლაბორანტება“ არ უნდა სურდეს და ამდენად, სიაში ჩაწერა მისთვის დიდი ვერაფერი ხეირია.

From.ge უკვე  წერდა, რომ ნაციონალების სიის პირველი ნომერი ლევან ბეჟაშვილი იქნება. ბეჟაშვილი კახეთში სტიქიის შედეგების ფონდს ხელმძღვანელობს. მისი პიარი ხელისუფლებამ ამ დღებში უკვე დაიწყო. ყველამ კარგად იცის, რომ ლევან ბეჟაშვილის რეიტინგი მაინც და მაინც მაღალი არ არის. ამას მოწმობს ყველა ის სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ქართულმა თუ  ამერიკულმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს. სანამ კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა, ლევან ბეჟაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ქონების დაყადაღებასთან და ჯარიმებთან ასოცირდებოდა, ამიტომ მისი რეიტინგის ასამაღლებლად ხელისუფლებას საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწევს.

სიის პირველი ნომრის ვინაობას ნაციონალები აქამდე საგანგებოდ მალავენ, თუმცა, ამას დიდხანს ვერ დამალავენ, რადგან არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე ცოტა დროა დარჩენილი. საკუთარი „დამრტყმელი“ ძალის დემონსტრირებას პრეზიდენტი მოახდენს, მანამდე კი ყველა დაიმედებულია, რომ სიის ოცეულში თუ არა ოცდაათეულში მაინც მოხვდება, არადა, ეს სია „ურაზმერო“ ხომ არ არის?

დავით ბაქრაძე საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული და თითქმის ყველა რაიონში ჩადის, რადგან ეს პარტიული დავალებაა. როგორც კულუარებში ამბობენ, ბაქრაძეს ამასწინათ  წამოსცდა, რომ ქუთაისის პარლამენტში თავმჯდომარე აღარ იქნება.

ბაქრაძე სიის პირველი ნომერი რომ არ იქნება, ამის საფუძველს რამდენიმე გარემოება იძლევა. ეს ეჭვი თავდაპირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მეორე პირი ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრას არ დაასწრეს, როგორიც ჰილარი კლინტონის ვიზიტი იყო. მაშინ როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი სტუმარი საქართველოში იმყოფებოდა და თითქმის ყველა ოფიციალურ პირს და ოპოზიციის ლიდერებს  ხვდებოდა, დავით  ბაქრაძე სამეგრელოში ერთ-ერთ ოჯახს სტუმრობდა და დაზღვევაზე საუბრობდა.

იმასაც ამბობენ, რომ როდესაც პარლამენტის „ც“ კორპუსის დაცლა დაიწყო, ბაქრაძემ არ იცოდა, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა. როდესაც თბილისში დაბრუნდა და სიახლე შეიტყო, დიდად არ უდარდია. საპარლამენტო ოპოზიცია ქირქილებს, რომ  პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე თითქმის ცარიელ პარლამენტში ზის და ეს სრულიადაც არ აწუხებს. უფრო მეტიც, ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე ბაქრაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რატომ უკვირთ პარლამენტის შენობის დაცლა რომ დაიწყო? ვინმესთვის უცნობი იყო, რომ პარლამენტი ქუთაისში გადადიოდა?

პარლამენტის ქუთაისში გადასვლა სიახლე არავისთვის  არის, მაგრამ, კარგი იქნება თუ მოქმედ თავმჯდომარეს ოთახს არ დააცლევინებენ და კაბინეტის გარეშე არ დატოვებენ. ისე, პირადი ნივთების ოთახიდან გატანა ალბათ ბაქრაძესაც მოუწევს, რადგან როგორც თავად ამბობს, მაგიდაზე ოჯახის წევრების სურათი ედება თუ არა, ეს მუშაობაში ხელს არავის არ  უშლის.