სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთლიანად ქუთაისში გადავა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთლიანად ქუთაისში გადავა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთლიანად ქუთაისში გადასვლას გეგმავს. აქამდე ამ სამსახურის ნაწილი დედაქალაქში ფუნქციონირებდა, ნაწილი-ქუთაისში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ from.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ქუთაისში გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ სახელმწიფო  აუდიტის სამსახური მთლიანად ქუთაისში გადავა.

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებებს, ლაშა თორდია აცხადებს, რომ ახალი ხელმძღვანელის მისვლის გამო, თანამშრომლების გათავისუფლება არ უნდა ხდებოდეს.      

„ასეთი ხედვა, რომ ახალი ხელმძღვანელის მისვლით უნდა იცვლებოდეს საჯარო მოსამსახურეები, ჩემთვის მიუღებელია. შესაბამისად, მე არ ვაპირებ რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებების განხორციელებას. ყველა ის ადამიანი, რომელიც პროფესიულად ასრულებს თავის მოვალეობას, სამსახურში დარჩება. საკადრო პოლიტიკა, დაწინაურება-დაქვეითება ყველა სამსახურში ჩვეულებრივი მომენტია,    მიმდინარე პროცესია და ამ პროცესში ვინ როგორ გამოიჩენს თავს იმის და მიხედვით მოხდება ადამიანების გადაადგილება“, - აღნიშნა ლაშა თორდიამ.