მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები არჩევნებამდე შიმშილობის დაწყებას აპირებენ

მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები არჩევნებამდე შიმშილობის დაწყებას აპირებენ

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები საპარლამენტო არჩევნების წინ, შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავენ. 

ამის შესახებ მოძრაობა „არას“ წევრმა, ლევან ჩიტიძემ დღეს პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტპატიმრები „ხუთიანის“ დიქტატის წინააღმდეგ – ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ დაარსდა, რომელსაც ორგანიზება მელორ ვაჩნაძემ გაუკეთა.

ჩიტაძე აცხადებს, რომ პატიმრები მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყებას საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გეგმავენ და აღნიშნა, რომ მასში მონაწილეობაზე პატიმრების ნაწილი უკვე თანახმაა.

„საქართველოში პოლიტპატიმრად უკვე 100-ზე მეტი ადამიანია აღიარებული, პოლიტიკური ნიშნით მათი დაპატიმრების საკითხზე პოლიტპატიმრების საქმეთა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შედგება“, - განაცხადა ჩიტიძემ.

შეგახსენებთ, ვაჩნაძე 2009 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის გუშინ რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.