ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული თანხა სამივე რეგიონისთვისაა განკუთვნილი

ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული თანხა სამივე რეგიონისთვისაა განკუთვნილი

ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ბიუჯეტში ჯამში 90 მილიონი გადარიცხა და განაცხადა, რომ ეს თანხები როგორც კახეთის, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დაზარალებულებს უნდა მოხმარდეს. თუმცა, ხელისუფლებამ ბიუჯეტში მხოლოდ კახეთის მოსახლეობის დასახმარებელი თანხები გაწერა. კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრი ზვიად ძიძიგური From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათ გარდა პოლიტიკური ბერკეტისა, არანაირი სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ აიძულონ ხელისუფლება, გადარიცხული თანხით სამივე რეგიონის მოსახლეობას დაეხმარონ.

„ეს 90 მილიონი ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა როგორც კახეთის, ასევე დანარჩენი ორი რეგიონის მოსახლეობის დასახმარებლად. სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობამ იცის, რომ ბიუჯეტში მათთვისაც არის თანხები გადარიცხული. დამოკიდებულება მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ამის მიხედვით იქნება ჩამოყალიბებული.

რაც შეეხება საკითხს, რა ბერკეტები გააჩნია „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ეს თანხა სამივე დაზარალებული რეგიონის მოსახლეობას მოხმარდეს, გეტყვით, რომ არანაირი ბერკეტი  არ გაგვაჩნია, გარდა პოლიტიკური ბერკეტისა, რომელიც წინასაარჩევნოდ ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონის მოსახლეობა ითხოვს დახმარებას სტიქიური უბედურების მეორე დღიდანვე, თუმცა ხელისუფლებამ მხოლოდ კახეთის რეგიონისთვის გადაწყვიტა დახმარება. ჩვენს მიერ ბიუჯეტში გადარიცხული ფული კი სამივე რეგიონის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი“,-აცხადებს ძიძიგური.