„ახალგაზრდა ადვოკატები“ -  ხელისუფლება მანდატურების დამკვირვებლებად გადამზადებით არჩევნების გაყალბებას აპირებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ხელისუფლება მანდატურების დამკვირვებლებად გადამზადებით არჩევნების გაყალბებას აპირებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელისუფლებას წინასაარჩევნო პროცესებში ადამინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს, რაც მანდატურის ინსტიტუტის სრული მობილიზებაში გამოიხატება.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თბილისის სკოლების მანდატურები, იდენტიფიცირების გარეშე, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ატყობინებენ, რომ დავალება მიიღეს აქტიური კონტროლი განახორციელონ მომავალ არჩევნებში.

„მანდატურები დამკვირვებლად გადაამზადა, რომლებიც პროცესებს სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით „დააკვირდებიან“, საუბარია 1 000–მდე მანდატურზე. ჩვენი შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია არჩევნების მასიური გაყალბებისთვის ემზადება. მანდატურების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ხელისუფლების დამკვირვებლები გასული არჩევნების მსგავსად, ოქტომბერშიც საარჩევნო უბანზე მოსული მოქალაქეების დაშინებას გააგრძელებენ“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამორიცხავენ, რომ ახლა უკვე, საარჩევნო ურნების გატაცება, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა თუ სხვა ხელისშემშლელი ღონისძიება გადამზადებულ მანდატურებზე იქნება დამოკიდებული.

 „ვფიქრობთ, რომ არჩევნებში მანდატურების გამოყენების ფაქტით საარჩევნო კოდექსის 48-ე და 49-ე მუხლების ამოქმედების ლეგიტიმური წინაპირობა არსებობს, რაც არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვას გულისხმობს“ - განაცხადეს ორგანიზაციაში.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას აღნიშნული ფაქტით დაინტერესების, გამოძიებისა და რეგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ პატრიარქის მოწოდებაც უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მანდატურების ფუნქციების გადახედვას გულისხმობს.