ეკოლოგიური სამართლის ცენტრი: კახეთში მომხდარ სტიქიაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი: კახეთში მომხდარ სტიქიაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" კახეთში მომხდარ სტიქიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ცენტრმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენცია „სამართლის ცენტრის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და "მეტყევეთა ასოციაციის" პრეზიდენტმა  პროფესორმა  თემურ კანდელაკმა ჩაატარეს. მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ ბუნებრივი რესურსებისადმი არასწორი და არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რაც კახეთში და საქართველოს რეგიონებში ხდება.

როგორც მჟავანაძე აცხადებს, სტიქიური უბედურება სატყეო სექტორში არსებულმა მძიმე ვითარებამ გამოიწვია. მისივე განმარტებით, განადგურებულია ქარსაფარი ზოლები, სოფლების გარშემო არსებული ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები, სახელმწიფო ტყეებში მიმდინარეობს უკანონო ჭრები და აღნიშნულზე სახელმწიფოს მხრიდან არავითარი რეაგირება არ ხდება, რის გამოც ტყეებს დაკარგული აქვს ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები.

„საქართველოში და მათ შორის კახეთში ტყის უკანონო ჭრებით ყველაწლიურად  2 მილიონი მ3  ხე-ტყე ნადგურდება. დღეისათვის, გრძელვადიანი იჯარით უკვე გაცემულია 200 0000 ჰექტარი ტყის მასივი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით უნდა შეივსოს. სწორედ ამ თანხის საფასურად საქართველოში მთის ტყეები ნადგურდება. სატყეო სექტორში არსებული განუკითხაობა შედეგია იმისა, რომ ეს დარგი ხელისუფლებამ სრულად გაანადგურა. 1990 წლის მონაცემებით, სატყეო სექტორში 11 700 კაცი იყო დასაქმებული, როცა დღისათვის ამ დარგში დასაქმებულ პირთა რიცხვი 700-ს არ აღემატება. სატყეო მეურნეობის ყოველწლიური დაფინანსება 23 მილიონ ლარს შეადგენდა, დღეს კი მხოლოდ 7 მილიონია", - განაცხადა მჟავანაძემ.

„სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება თავისი ქმედებებით კვლავ შეუწყობს ხელს ტყის მასივების განადგურებას, კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება ღვარცოფები, წყლის მოვარდნები და სხვა ის სტიქიური უბედურებები, რასაც ეკომიგრანტები ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზარალიც თან ახლავს.