ბაღათურია– პრეზიდენტი  კამერების თანხლებით კუდის და სოდის თანამშრომლებთან ერთად დადის, რაც სამარცხვინოა

ბაღათურია– პრეზიდენტი კამერების თანხლებით კუდის და სოდის თანამშრომლებთან ერთად დადის, რაც სამარცხვინოა

„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, 60 მილიონი ლარი არის  სარეზერვო ფონდებიდან მოპარული და შეჭმული.

„ფინანსთა მინისტრი პარლამენტის წინაშე გამოვიდა და იცრუა, არ ჩამოთვალა ის ხარჯები, რაც სარეზერვო ფონდიდან არის გაწეული. არ თქვა, რომ სარეზერვო ფონდიდან სტინგის კონცერტზე 2 მილიონი დაიხარჯა, არ თქვა, რომ პლაჩიდო დომინგოს კონცერტზე 2 მილიონი დაიხარჯა, კრის დე ბურგის კონცერტზე დაიხარჯა რამდენიმე მილიონი, ზუსტი რიცხვი ვერ დავაზუსტე, მაგრამ ძალიან მალე დავაზუსტებ. ასევე არ ჩამოთვალა რამდენი მილიონია დახარჯული პრეზიდენტის ტაშ–ფანდურზე“, – აღნიშნა ბაღათურიამ და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა ხაზინის ქურდობით არის დაკავებული.

„ღარიბი ხალხის მდიდარი მთავრობა ხართ, რომელიც ერთობით ხალხის ხარჯზე“, – აღნიშნა ბაღათურიამ და იკითხა რამდენი ლარით შეიმცირა მთავრობამ პირადი დროსტარების ხარჯები.

„ორ–ორი და სამ–სამი მანქანით რომ გადაადგილდება თითოეული მინისტრი, იქნებ გაგეყიდათ ორი მანქანა და ერთით იაროთ. თქვენ ოჯახაშენებულებო, არ გყოფნით? ჯერ როგორი მანქანებით დადიხართ, იქნებ შეხედოთ? რომელი ქვეყნის მთავრობა აძლევს თავს ასეთი მდიდრული მანქანების სიარულს? ლონდონის, დანიის და შვეიცარიის და უმდიდრესი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერები ველოსიპედით დადიან“, – აღნიშნა ბაღათურიამ და დიმიტრი შაშკინის მაგალითი მოიყვანა, რომელიც 10 მანქანითა და  50–კაციანი დაცვით გადაადგილდება.

„შაშკინი ახლა თავდაცვის მინისტრია, მაგრამ განათლების ყოფილ მინისტრს რისი ეშინია, პედაგოგები უნდა დაესხან თავს, მოსწავლეები თუ მოსწავლეთა მშობლები? – იკითხა ბაღათურიამ. მისივე შეფასებით მთავრობამ სახლობანასა და მინისტრობანას თამაშობს თავი უნდა დაანებოს, რადგან ამდენი ხარჯების გაწევა სირცხვილია.

 „ქართული დასის“ ლიდერი სტიქიურ უბედურების დროს დაზარალებულ მოსახლეობასაც შეეხო და განაცხადა, რომ  1500 ლარი კახელებისთვის სამარცხვინო კომპენსაციაა და მინიმუმ 3–ჯერ უნდა გაიზარდოს ეს თანხები.

„თქვენი ტაშფანდურის ხარჯები 700 მილიონი მაქვს დათვლილი, რომლის ხარჯზე შეიძლებოდა წელს პენსიების გაზრდა. მიხედეთ ხალხს და საქმეს! პრეზიდენტის სიარული კამერებთან ერთად კუდისა და სოდის თანამშრომლებთან ერთად სამარცხვინოა და ამას არავინ აკენკავს“, – აღნიშნა ბაღათურიამ.