მაია ფანჯიკიძე: გადარიცხულ თანხებს მონიტორინგს მაჟორიტარების ჯგუფი გაუწევს

მაია ფანჯიკიძე: გადარიცხულ თანხებს მონიტორინგს მაჟორიტარების ჯგუფი გაუწევს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს - სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვას მონიტორინგს დაზარალებული რეგიონის მაჟორიტარებისგან შემდგარი ჯგუფი გაუწევს.

ფანჯიკიძის თქმით, აღნიშნულ ჯგუფს არა მარტო მონიტორინგი, არამედ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაც ევალებათ.

„მათ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია ექნებათ. უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია არა მხოლოდ კახეთის, არამედ სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის დაზარალებულ მოსახლეობაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა გამოიჩენს აქტიურობას და თუკი ვერ მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას, ამის შესახებ სპეციალურ ჯგუფებს ინფორმაციას მიაწვდიან“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა.

კოალიციის ლიდერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა.