კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მიერ მოწვეულ სხდომაზე, რომელიც სტიქით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს შეეხებოდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილის პასუხებიდან გამომდინარე, სულ ცოტა, მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დამდგარიყო, თუმცა თანამედროვე პარლამენტში რომელიმე სახელისუფლო პირის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, აზრი არ აქვს. საიდან მოაქვს მთავრობას 162 მილიონი ლარი, სად წავიდა მსოფლიო ბანკის მიერ გადმორიცხული 80 მილიონი და ვის დაახარჯა ხელისუფლებამ რეზერვებში არსებული 62 მილიონი?
From.ge გია ცაგარეიშვილს ესაუბრა.
-რატომ ვერ დაგიკონკრეტათ მთავრობამ სად წაიღო სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული 62 მილიონი ლარი?
-ეს სარეზერვო ფონდები იმდენად დახურულია და იმდენი წინაღობები არსებობს ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით, რომ კაცი ვერ გაარკვევს ვინ, სად და რაში დახარჯა ეს ფული. ამ ფონდებში ძალიან დიდი თანხებია აკუმულირებული და ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს 62 მილიონი ლარი, რომელიც დაიხარჯა ფონდებიდან, სწორედ უმიზნოდ და უსაგნოდ არის დახარჯული. წარმოგვიდგინონ ამ დახარჯული თანხების ანგარიშგებები, ჩვენ პარლამენტის წევრებს, გვაქვს ამ მოთხოვნის უფლება. მთავრობა ვერ წარმოგვიდგენს დახარჯულ თანხების ანგარიშს, რადგან თანხები უბოძეს კუტუნიოს, რუსლანას, კრის დე ბურს და კიდევ ბევრ ქართველ მომღერალს, რომლებიც საკმაოდ ბევრნი შემოიკრიბებიან ხოლმე ხელისუფალის ტახტრევანის გარშემო და დითირამბებს უგალობენ მას.
-იმიტომ შემოიტანა ხელისუფლებამ ცვლილებების პროექტი ბიუჯეტში, რომ სარეზერვო ფონდებში თანხა ფაქტიურად აღარ არის?
-სტიქიით დაზარალდა კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, არ არის დასრულებული კახეთის რეგიონში დაწყებული უამრავი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროგრამების პროექტი და ეს ვერ კეთდება იმიტომ, რომ თანხები არ არის. ეს ცვლილების პროექტი საჭირო აღარ იქნებოდა, მთავრობას რომ მიზნობრივად დაეხარჯა თანხები. მეტსაც გეტყვით. გაჩნდა ახალი მუხლი ბიუჯეტში მე-19 პრიმა, „სტიქიური უბედურებების ლიკვიდაცია“, ასე ქვია ამ მუხლს და ამ მუხლით ჩნდება დამატებითი 50 მილიონიანი ფონდი, რომლის განკარგვის უფლება გააჩნია პრემიერმინისტრს და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ან რაში დახარჯავს ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნოდ კახეთში ან სხვა რაიონებში? მე დარწმუნებული ვარ, რომ კახეთში ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვით მერაბიშვილი და მისი მეგობრები სულ მალე პირდაპირ დაკავდებიან.
-რამდენად რეალურია ის დოკუმენტი, რაც ფინანსთა სამინისტრომ წარმოგიდგინათ და სადაც გახარჯულ თანხებზე იყო საუბარი?
-ეს გახლავთ სიცრუით გაჯერებული დოკუმენტი, როდესაც ამბობენ, რომ 162 მილიონი ლარია მიმართული სტიქიის ლიკვიდაციისთვის. გასული წლის სექტემბრის თვეში მსოფლიო ბანკმა 80 მილიონი ლარი გამოყო კახეთის საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსებისთვის.
რატიფიცირებულია შეაბამისი ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტსა და მსოფლიო ბანკს შორის. ეს არის დაბალპროცენტიანი ფინანსური სესხი, რომელიც ეროვნულ ბანკში სპეციალურ ანგარიშზე უკვე გადმორიცხულია. ეს გახლავთ თანადაფინანსების ხელშეკრულება, სადაც საქართველოს წილზე 10-12% მოდის. მთავრობა აცხადებს, რომ ახლა გამოყო მსოფლიო ბანკმა ეს 80 მილიონი, ეს სიცრუეა და ამას ემატება კიდევ ერთი სიცრუე, რაც გააჟღერა სააკაშვილმა, რომ ასობით მილიონი ლარია საჭირო სტიქიის ზარალის ასანაზღაურებლადო და ახლა საქართველოს მთავრობის მიერ შეკოწიწდა ეს თანხა, რომ რამენაირად გაამართლონ ბელადის წამოსროლილი სიტყვები. მსოფლიო ბანკის გადმორიცხული 80 მილიონს დაემატება კიდევ 82 მილიონი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება დაზარალებულებს და ეს ჯამში 162 მილიონ ლარს შეადგენს.
საინტერესოა, ეს 82 მილიონი ლარი, რომლითაც ხელისუფლება ბიუჯეტიდან გამოყოფს დასახმარებლად სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის, რისგან შედგება, რა საფინანსო ხარჯებია ამისთვის გამოყოფილი, საიდან არის აკუმულირებული, ამაზე პასუხები ვერ გაგვცა პაპუნა პეტრიაშვილმა და ძალიან არაკომპეტენტურად გამოჩნდა, ჩემი აზრით, საზოგადოების თვალში. იმედია, ფინანსთა მინისტრი მაინც შეეცდება ახსნას. რამდენად ადეკვატური პასუხები ექნება მთავრობას, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვხადოთ ნიღაბი ამ ადამიანებს, რომლებიც ვითომ იმაზე ფიქრობენ, როგორ გადაარჩინონ კახელი გლეხი.