სოსო ცინცაძე: ვინ ეკითხება ივანიშვილს ჯარიმის სახით გადახდილ თანხას, მთავრობა   ბიუჯეტში სად განკარგავს

სოსო ცინცაძე: ვინ ეკითხება ივანიშვილს ჯარიმის სახით გადახდილ თანხას, მთავრობა ბიუჯეტში სად განკარგავს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ,  სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად  სასამართლოს მიერ,  დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შეფასებისას აცხადებს, რომ სახელმწიფომ ივანიშვილს  გადახდილი თანხა შეიძლება დაკისრებული ჯარიმის გადახდაში ჩაუთვალოს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუძლია  ეს თანხა იმაში   გამოიყენოს,  რაც მათთვის უფრო პრიორიტეტულია.

„კანონს თუ ზუსტად მივყვებით,  მაშინ ეს თანხა  ბიუჯეტში ჯარიმის სახით მიდის და შემდეგ ხელისუფლება როგორ მოიხმარს ამ თანხას,  ხალხს დაურიგებს თუ სხვა ქმედებას განახორციელებს ამას უკვე ივანიშვილს აღარავინ  ეკითხება. ივანიშვილის ქმედებიდან გამომდინარეობს, რომ ის დაკისრებულ ჯარიმას იხდის,  ხოლო  რას დაარქმევს ამას ქველმოქმედებას თუ სხვა რაიმეს,  ეს მისი  საქმეა,  მაგრამ პრაქტიკულად,  კანონის მიხედვით ეს ჯარიმაა, რომელის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაედახადა  და არა ფიზიკური პირის  სასარგებლოდ. მთავრობა ამას,   როგორც ჯარიმის გადახდას ისე ჩაუთვლის“, - განაცხადა ცინცაძემ.

ცინცაძის თქმით, ივანიშვილი ვალდებულიც იყო ეს თანხა გადაეხადა და აღნიშნავს, რომ რომც არ გადაეხადა „მშვენივრად“ გადაახდევინებდნენ.

პოლიტოლოგის განცხადებით, ივანიშვილის პირობა, რომ მის მიერ,  გადახდილი თანხა აუცილებლად დაზარალებულ მოსახლეობას უნდა მოხმარდეს, ღიმილის მომგვრელია.

„ვინ ეკითხება ივანიშვილს ბიუჯეტში ამ თანხას  სად განკარგავს მთავრობა, რომელიც მან ჯარიმის სახით გადაიხადა“, - განაცხადა ცინცაძემ და დასძინა, რომ  მისი მხრიდან ასეთი განცხადებები არადამაჯერებელი და კანონთან შეუთავსებელია. „კანონია მკაცრია, მაგრამ კანონია“, - აღნიშნავს ცინცაძე.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში უფრო სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით და ეს კანონისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაა.

„ცივილიზებულ ქვეყნებში  ეს სალაპარაკო არც იქნებოდა. ყველა მოქალაქეს ეცოდინებოდა,  რომ ივანიშვილს სხვა გზა არ ჰქონდა და ეს ფული უნდა გადაეხადა, მაგრამ საქართველოში,  სადაც  ხალხი ახლა სწავლობს  როგორ მოეპყრას კანონს,  ისმის კითხვა,  როგორ მოიქცა ივანიშვილი,  ეს მისი კეთილშობილური საქციელი ქველმოქმდებაა თუ  უბრალოდ,  იძულებითი საქციელია, რომ  სხვა გზა არ ჰქონდა“, - განაცხადა ცინცაძემ და დასძინა, რომ  ივანიშვილის მიერ წლების წინ ქველმოქმედების სახით გაწეული თანხა, გადახდილ ჯარიმაში არ უნდა ავურიოთ.