საქართველოს პრემიერ - მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია დაზუსტდეს დაზარალებული მოსახლეობიდან, თუ ვინ ექცევა პირველ, მეორე და მესამე კატეგორიაში. ამის შესახებ, განცხადება პრემიერ - მინისტრმა კახეთში, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
მერაბიშვილმა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასარეგისტრირებლად, გამგებლებს და რწმუნებულებს 10 დღის ვადა მისცა და აღნიშნა, რომ მათ ეს სიები ჯანდაცვის სამინისტროს გადასცენ.
„მან კი უმოკლეს ვადაში ბანკის მეშვეობით დაიწყოს ფულადი კომპენსაციების დარიგება და ეს პროცესი პრაქტიკულად 1 კვირაში უნდა დასრულდეს. რაც შეხება კრედიტებს, ის გადავადებულია და თუ რომელიმე დაზარალებულს პრობლემა შეექმნა, უნდა მიმართონ გამგებლებს და რწმუნებულებს და ჩვენ ამ პრობლემას გადავუწყვიტავთ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს იმ სტუდენტების რეგისტრაცია, რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფო გრანტები და სწავლის ფულის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
„1 სექტემბრამდე უნდა დავაზუსტოთ სიები და ამ გადასახადის ოდენობა“, -განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება შხამ-ქიმიკატებისა და დიზელის საწვავის დარიგებას, მერაბიშვილის განცხადებით, ეს პროცესი დასრულებულია.
საგანგებო შტაბის სხდომაზე პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში, გიორგი ღვინიშვილმა პრემიერს დაზაინებული სახლის სახურავების რეაბილიტაციის შესახებ ჩააბარა ანგარიში.
გუბერნატორის ინფორმაციით, სახურავების შეკეთება აქტიურად მიმდინარეობს და ყველა დაზარალებულ რაიონში სახურავების 80%-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.
„თელავში 700 სახლზე მიდის მუშაობა, ლაგოდეხში 169 დაზიანებული სახლიდან 34 დასრულებულია და 100-ზე მიმდინარეობს სამუშაოები. გურჯანის რაიონში 600 დაზიანებული სახლიდან 100-ზე მუშაობა დამთავრებულია და 200-ზე ინტენსიური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება ყვარელს, 60 დაზიანებული სახლიდან 20-ზე მიდის მუშაობა“, -განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულმა და დასძინა, რომ 20 დღეში ამ კუთხით სამუშაოები დასრულებული იქნება.
რაც შეეხება სურსათის დარიგებას, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის, გიორგი სიბაშვილის განცხადებით, ეს პროცესი 4 დღის განმავლობაში მთლიანად დასრულდება.